რუსეთმა კურსკთან აფხაზური და ოსური დანაყოფები გადაისროლა
აფხაზი და ოსი მოხალისეები კურსკის რეგიონში ჩავიდნენ, რომლის ნაწილიც უკრაინის არმიამ დაიკავა უკვე მეოთხე დღეა წინ მიიწევს.
"უმაღლესმა მთავარსარდალმა (პუტინი – რედ.) კურსკის რეგიონის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდა. დიდი ხანი ლოდინი არ მოგიწევთ. ჩვენ დასახმარებლად მოვედით," - ნათქვამია "დონბასის ველური დივიზიის" განცხადებაში, რომლის მეთაურიც აფხაზი კრიმინალი ახრა ავიძბაა.
"სარმატის" ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის "დონბასის ველური დივიზიის" ნაწილი, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება," - წერს ოსური ბატალიონი.
სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
2023 წლის ნოემბერში ახრა ავიძბამ "დონბასის ველური დივიზიის" შექმნა გამოაცხადა.
სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 2023 წელს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან 1100-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობს უკრაინაში რუსეთის აგრესიაში.
ამავდროულად, კურსკის ოლქში გრძელდება ბრძოლები რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის, რომლებიც რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და სუჯას რეგიონალური ცენტრის მიდამოები დაიკავეს.
გუშინ ღამით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია საოკუპაციო არმიის სამხედრო კოლონა - სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია ასობით რუსი ჯარისკაცი.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია სუჯის რაიონისკენ მიმავალი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალის რეზერვები. კადრში გამოჩენილი მანქანების სანომრე ნიშნებითა და ამომცნობი ნიშნების მიხედვით, კურსკისკენ მიმავალი რეზერვები რუსეთმა ბელგოროდისა და დროებით ოკუპირებულიდონეცკის ოლქიდან მოხსნა.