აჯანყებულები ჰომსს უახლოვდებიან, მისი დაკარგვა რუსეთის ბაზებს დამასკოდან მოჭრის
ჰაიათ თაჰრირ აშ შამის აჯანყებულები ალეპოსა და ჰამას დაკავების შემდეგ სწრაფად უახლოვდებიან ბაშარ ასადისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ჰომსს.
ჰაას დაკავებიდან 24 საათში აჯანყებულებმა სტრატეგიულ მაგისტრალზე 40 კილომეტრით წაიწიეს წინ და გზად მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი დაიკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ჰომსის დაკარგვა რუსეთის სამხედრო ბაზებს დამასკოსგან მოჭრის - Z-ბლოგერები უკვე განიხილავენ რუსული ბაზების ევაკუაციის აუცილებლობას.
"ხმეიმის აეროდრომი არ არის დიდი ინდუსტრიული ობიექტი, სარდაფებით, ეს არის გაშლილი ველი პატარა ქოხებით, რომელიც შეწყვეტს ფუნქციონირებას იმ წამსვე, რა წამსაც მოწინააღმდეგე მიუახლოვდება აეროდრომს საარტილერიო ცეცხლის, ან დრონების სამუშაო მანძილზე",- წერს Z-ბლოგერი Flightbomber.
საფრთხე ემუქრება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ფუნქციონირებას ტარტუსში, რომლიდანაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაიყვანა გემების ნაწილი.
"ბაზების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებელია პირადი შემადგენლობის, დოკუმენტებისა და გამართული თვითმფრინავების გამოყვანა"- წერს ბლოგერი.
სირიაში სამხედრო ბაზების დაკარგვა მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ოპერაციებს აფრიკაში - ხმეიმინი საკვანძო მნიშვნელობის ლოჯისტიკური ჰაბია, რომლიდანაც შეიარაღება და დანაყოფები მიემართებიან სუდანში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
გასულ 24 საათში რუსეთის ავიაციამ დაბომბა ქალაქ რასტანში მდებარე ხიდი, თუმცა უკვე დილით გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ აჯანყებულები დაბრკოლების გარეშე მიიწევენ წინ.
"სირიის არმიას არ აქვს საკმრისი ძალა და მოტივაცია აჯანყებულების შესაჩერებლად, ხოლო ჩვენს საჰაერო-კოსმოსურ ძალებს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობები და საკმარისი თვითმფრინავები მოძრავი სამიზნეების გასანადგურებლად"- წერს კიდევ ერთი რუსი სამხედრო ბლოგერი.
პარალელურად შეტავზე გადავიდნენ ქურთი აჯანყებულებიც, რომლებმაც ბოლო ცნობებით უკვე დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დეირ-ერ-ზორი.
ბოლო ცნობებით აჯანყებულები უკვე ჰომსის გარეუბნებში იმყოფებიან.
OSINT ანალიტიკოსების ცნობით, ასადის არმიამ დაკარგა მის განკარგულებაში არსებული ტანკების 14% და ჯავშანტექნიკის 12%.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დაზვერვა უახლოეს მომავალში ასადის რეჟიმის ჩამოშლას პროგნოზირებს.
უფრო ვრცლად სირიაში განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ აქ.