ახლოს ბახმუტის ალყასთან - ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 12

გასული 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება უკრაინის ლოკალური შეტევები ზაპორიჟიის ოლქში, დონეცკის ოლქის სამხრეთში და ბახმუტის შემოგარენში. პარალელურად გაგრძელდა რუსი ოკუპანტების მცდელობები დაეფლოენ ინიციატივას ქალაქ დონეცკის შემოგარენში. 

კონტრიერიშის მიმდინარეობას გეგმიურს უწოდებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი - "სამხრეთში გვაქვს გარკვეულ წინსვლა ყველა მიმართულებით, ყველაფერი ხდება გენშტაბის მიერ განსაზღვრული გეგმის მიხედვით."

ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღების მწარმოებელმა სახელმწიფო კომპანიამ Укроборонпром-მა განაცხადა, რომ სამხედროებმა წარმატებით გამოსცადეს 1 000 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი უკრაინული წარმოების დრონი. 

Українська правда-ს ცნობით, დრონის პირველი წარმატებული საბრძოლო გამოყენება 3 მაისს შედგა. ამ დღეს კრასნოდარის მხარეში მდებარე ტამანის ნავსადგურზე ამოუცნობი ობიექტის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ნავთობ ტერმინალს. 

დრონის გამოცდების შესახებ ინფორმაცია Укроборонпром-ის პრესსპიკერმა, ნატალია სადმა ფეისბუქზე ვალერი ზალუჟნისთან ერთად გადაღებული ფოტოს თანხლებით გაავრცელა. გუშინ, 19 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც ის სამუშაო გარემოში გენშტაბის უფროსს, სერჰი შაპტალას ესაუბრება. 

ბოლო კვირების განმავლობაში რუსული პროპაგანდა ვალერი ზალუჟნის ჯერ გარდაცვალების, ხოლო შემდეგ მისი დაჭრის შესახებ ავრცელებდა ცნობებს. რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ზალუჟნის ადგილსამყოფელზე სარაკეტო დარტყმის შედეგად თავის ტვინის ტრეპანაცია დაჭირდა. ზალუჟნის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინიც - ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ზალუჟნი უკრაინაში არ იმყოფებოდა. 

მცირე პაუზის შემდეგ კამერებთან გამოჩნდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, რომლის დაჭრის შესახებაც ასევე იუწყებოდნენ რუსული წყაროები. 

დეტალები 

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ენტონი ბლინკენმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი მასშტაბური პაკეტი დაანონსა. სახელმწიფო მდივნის თქმით, პაკეტის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 21 ივნისს გამოაცხადებს. 

ბრიტანული Telegraph მიმდინარე კონტრიერიშზე წერს, რომ მიმდინარე ეტაპზე უკრაინის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი მიმართულებით გახსნილი შეტევებით მაქსიმალურად დააბნიოს მოწინააღმდეგე. "მათ უნდა აიძულონ რუსები იმარჩიელონ თუ სად განვითარდება მათი მთავარი დარტყმა, მთავარი იერიში",- ნათქვამია პუბლიკაციაში. 

F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელმა ამერიკულმა კონცერნმა Lockheed Martin-მა გამოთქვა მზაობა დაიწყოს უკრაინელი პილოტების წვრთნა. უკრანის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მოსალოდნელია, რომ დასავლური წარმოების თვითმფრინავებს უკრაინა 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. 

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო და ეფექტურად იყენებს ფრანკო-გერმანული წარმოების SAMP-T-ის ტიპის საზენიტო სისტემას. SAMP/T-MAMBA არის ევროპაში პირველი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. მას შეუძლია გაანადგუროს მტრის თვითმფრინავი 3-დან 100 კილომეტრამდე და ბალისტიკური რაკეტები 3-დან 25 კილომეტრამდე, მოქმედების სიმაღლე 25 კილომეტრამდეა.

სავარაუდოა, რომ აღნიშნული სისტემა გააძლიერებს უკრაინას არმიას ფრონტის ხაზზე, სადაც ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად მოიმატა რუსეთის ავიაციის აქტიურობამ. 

რა ხდება 

ზაპორიჟიის ფრონტი - ამ მონაკვეთზე ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო მოქმედებები დასახლება პიტიხატკის ირგვლივ განვითარდა, რომელიც უკრაინულმა ძალებმა 18 ივნისს გაათავისუფლეს. გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებს კონტრშეტევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა წარუმატებელი. რუსული წყაროებისვე ცნობით, ამ დროისთვის დასახლების უმეტესი ნაწილი კვლავ ЗСУ-ს კონტროლქვეშაა. 

გაგრძელდა უკრაინის ლოკალური შეტევები რაბოტინეს რაიონში. სავარაუდოა, რომ ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთზე უკრაინის მიზანია გაათავისუფლოს ქალაქი ვასილივკა, რომელზეც რამდენიმე მნიშვნველოვანი სატრანპორტო მაგისტრალი გადის. 

შეტაკებები გაგრძელდა ლევადნე-ნოვოდარივკას ხაზზე, რომელიც ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე მდებარეობს. იერიშის დაწყების შემდეგ ფრონტის სწორედ ამ მონაკვეთზე აქვს ყველაზე დიდი წინსვლა უკრაინის არმიას. 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის და სხვა წყაროების მონაცემებით სწორედ ამ მიმართულებით გადმოისროლა ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან რუსეთმა ყველაზე მოცულობითი რეზერვები. 

დონეცკის ფრონტი - გასული 24 საათის განმავლობაში განახლებული ძალებით გაგრძელდა რუსეთის არმიის შეტევები ქალაქ დონეცკიდან 2 კილომეტრით დაშორებულ და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ავდიივკაზე. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტები ძირითადად კამიანკასა და კრუტაია ბალკას მიმართულებებზე უტევდნენ. უკრაინული ანალიტიკური ცენტრის Deep State-ის მონაცემებით, ოკუპანტებს არტილერიასა და ტანკებში კოლოსალური უპირატესობა აქვთ. "ოკუპანტები იმ ინტენსივობით ბომბავენ ჩვენს პოზიციებს, რომ მათი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია",- ნათქვამია ცენტრის ყოველდღიურ მიმოხილვაში. 

ოკუპანტები კვლავ უტევენ მარიინკას, ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, რუსულმა დანაყოფებმა ЗСУ-ს მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტები დაიკავეს, თუმცა ამას არ ადასტურებენ დამოუკიდებელი წყაროები. 

ბახმუტის ფრონტი - გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის არმიას ყველაზე სერიოზული წინსვლა სწორედ ბახმუტის შემოგარენში ჰქონდა. კერძოდ ЗСУ-ს დანაყოფებმა წინ წაიწიეს ბახმუტის ფლანგზე მდებარე კლიშიივკას მიმართულებით. რუსული წყაროებისვე ცნობით, ამ დროისთვის კლიშიივკასგან უკრაინულ დანაყოფებს 1.5 კილომეტრი აშორებთ. 

"ორეხოვო-ვასილივკას ხაზიდან შეტევის შემდეგ ЗСУ-მ შეძლო რამდენიმე საკვანძო სიმაღლის დაკავება და მნიშვნელოვნად მიუახლოვდა სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალს",- წერს თავის მიმოხილვაში ე.წ. სამხედრო კორესპონდენტი, სიმიონ პეგოვი. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელთა წინსვლას ადასტურებს Deep State-იც. BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო კორესპონდენტის ილია აბიშევის თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიის წინსვლა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის დაფიქრების საფუძველია. 

აბიშევის თქმით, უკრაინელები ეტაპობრივად ეუფლებიან ბახმუტის ფლანგებს და უკვე მოსჩანს ალყის აჩრდილი. აბიშევის თქმით, ალყის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის გენშტაბი იძულებულია ბახმუტის მიმართულებით სულ უფრო მეტი რეზერვი გადაისროლოს. 

ბახმუტის ალყაში მოქცევის მიზნის შესახებ დიდი ხანია წერს ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი 3-ე ცალკეული მოეირიშე ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური მაქსიმ ჟორინი. მისი თქმით, უკრაინელების მიზანია ბახმუტში რუსი ოკუპანტების ყოფნა აუტანელი გახდეს და იძულებულები გახდნენ უკან დაიხიონ. 

"ეს პროცესები ძალიან კომპლექსურია და რამდენიმე დღეში ვერ გადაიჭრება, ყოველი ეტაპი დეტალურად უნდა დაიგეგმოს და მაქსიმალური ეფექტურობით უნდა აღრულდეს",- წერს ჟორინი. 

კონტექსტი 

უკრაინის კონტრიერიშის მიმდინარეობას მოცულობით მასალაში აჯამებს BBC. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ კონტრიერიშის დაწყებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ უკრაინული გენშტაბის ჩანაფიქრი უფრო გასაგებია. 

"ЗСУ-ს რუსეთის თავდაცვის პირველად ხაზებს თითქმის 15-მდე მიმართულებით უტევს. რამდენიმე მონაკვეთზე მათ მოახერხეს წინსვლა და რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება, მათ შორის ისეთებისაც, რომელიც რუსეთის საყრდენ პუნქტებად მიიჩნეოდა",- ნათქვამია პუბლიკაციაში. 

ზაპორიჟიაში რუსების მიერ აგებული თავდაცვის ზღუდეების პირველი ზონა კამენსკოე-პოლოგი-სტარომლინოვკა-ვოლნოვახას ხაზზე გადის. ფრონტის ამ მონაკვეთზე განთავსული ცოცხალი ძალის რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ სწორედ აქ არის ყველაზე მჭიდროდ დანაღმული ტერიტორიები. 

თავდაცვის ამ ხაზის მიზანი უკრაინელთა მაქსიმალური შენელება და მათთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მიზანი არამდენად პირველი ხაზის გარღვევის აღკვეთაა, რამდენადაც უკრაინელთა გამოფიტვა, მათი ისეთ მდგომარეობაში მოქცევა, რომ უკვე მეორე ხაზის გადალახვის რესურსი აღარ შერჩეთ. 

სავარაუდოა, რომ რუსეთის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეების ქსელი კარგად შეისწავლა უკრაინის გენერალურმა შტაბმა. სწორედ ამაზე მეტყველებს ЗСУ-ს მიერ არჩეული ტაქტიკა - ერთი ყოვლისმომცველი და ძალიან სარისკო დარტყმის მაგივრად, უკრაინელებმა გადაწყვიტეს ეტაპობრივად დაძლიონ მოწინააღმდეგის დაცვა. 

ამ დრომდე უკრაინა მიმდინარე კონტრიერიშში ძირითადად შედარებით მცირე და მსუბუქად შეიარაღებულ დანაყოფებს იყენებს. მოსალოდნელია, რომ ამგვარად უკრაინელები რამდენიმე ამოცანის მიღწევას ცდილობენ. 

პირველ რიგში ეს რუსეთის თავდაცვის ხაზების მაქსიმალური გაწელვა, მათი ლოჯისტიკის გართულება და მოშლაა. ფრონტის მოხაზულობა ამ თვალსაზრისით უკრაინისთვის ხელსაყრელია, მოკლე მანძილების მეშვეობით მათ გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლიათ როგორც რეზერვების გადასროლა, ჯარების მომარაგება, ასევე შეტევის ახალი მიმართულებით გაშლა. 

გარდა ამისა, ამ მცირე შეტევების შედეგად რუსეთის თავდაცვის ხაზებში ცალსახა ბზარები ჩნდება, ЗСУ ახერხებს მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზებში ჩაბღაუჭებას, კონტროლის ზონის გაშლას და ძირითად ხაზებთან მდგარად მიახლოებას. ეს ყველაფერი კი ბრძოლაში კონტრიერიშისთვის მომზადებული დანაყოფების ბირთვის ჩართვით უნდა დასრულდეს. 

უკრაინისთვის მთავარი სირთულე საჰაერო უპირატესობის არ არსებობა და მჭიდროდ დანაღმული ველებია. საყურადღებოა, რომ დანაღმული ველები ართულებს არამხოლოდ შეტევას, არამედ აქტიურ თავდაცვასაც - მას შემდეგ რაც უკრაინელები ახერხებენ ამ ბარიერის დაძლევას მათი განდევნისთვის დასახლებული პუნქტიდან რუსები პირდაპირ შეტევებს ან საარტილერიო დარტყმებს ეყრდნობიან, რაც ნაკლებად ეფექტურია. 

ფრონტის სიგრძე, თითქმის 1 000 კილომეტრი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას აიძულებს სწრაფად გადაისროლოს დანაყოფები ყველაზე პრობლემურ მიმართულებებზე და ასევე მაქსიმალურად გაუფრთხილდეს რესურსებს. 

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გახშირდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის გენშტაბმა თავდაცვის მეორე და ძირითადი ხაზებიდან დანაყოფების გადასროლა დაიწყო პირველად ხაზებზე.

დიდი ბრიტანეთის სახმედრო დაზვერვის ცნობით, ზაპორიჟიის ოლქში უკრაინული არმიის წინსვლის ფონზე რუსეთი იძულებული გახდა ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან გადაესროლა 49-ე არმია, გარდა ამისა დონეცკის სამხრეთში გადაისრლოეს 74-ე მოტომსროლელი დივიზია. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, რუსეთის მიერ აგებული მასშტაბური თავდაცვის ხაზების მთავარი პრობლემა მათი სიგრძეა - ამ ფონზე როგორც წესი ყოველთვის არის ხოლმე სუსტი წერტილები, ხშირად ეს ცოცხალი ძალის უკმარისობას უკავშირდება. 

სავარაუდოა, რომ რუსების მიერ რეზერვების გადასროლის ფონზე, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთი გაშიშვლდება, რაც უკრაინას მოქმედების დიდ არეალს გაუხსნის. 

თავის მხრივ უკრაინის წინაშე არსებული ამოცანა ძალიან კომპლექსურია, მათ უწევთ გამაგრებული ხაზების დაძლევა ავიაციის მხარდაჭერის გარეშე, მათ ანგარიში უნდა გაუწიონ დანაკარგებს, არ მისცენ მოწინააღმდეგეს ინიციატივა და საჭირო მომენტამდე შეინახონ კონტრიერიშისთვის მომზადებული ძალების ბირთვი. 

 

მსგავსი სიახლეები