ახმეტოვის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ECHR-ში: ოკუპანტებმა SCM-ის 70 საწარმო გაანადგურეს
რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს და გაანადგურეს ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის 70-მდე საწარმო. ამის შესახებ LIGA.net იურიდიულ კომპანია Covington & Burling LLP-ის პარტნიორზე დაყრდნობით იუწყება.
"[ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სარჩელში] კომპანია System Capital Management-მა დაზიანებული ქონების შესახებ მონაცემები აღწერა, მაგრამ სია საბოლოო არ არის აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ის ჯერ არ არის შეფასებული დოლარში, ევროში ან გრივნაში. ეს არის ზიანის აღწერა, რომელიც რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ახმეტოვის 70-მდე საწარმოს და SCM საინვესტიციო ჯგუფს მიაყენა", - განაცხადა ადვოკატმა.
მხოლოდ ახმეტოვის ბიზნესის ენერგეტიკულ სექტორში საუბარია "ათობით მილიარდი დოლარის" ზარალზე, განაცხადა DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაქსიმ ტიმჩენკომ Forbes-თან ინტერვიუში.
რინატ ახმეტოვი ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფორბსის ვერსიით ოლიგარქის ქონება 7.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
უკრაინული Forbes-ის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, მან 72 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინის შეიარაღებული ძალების და ომის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული პროგრამების მხარდასაჭერად.