ამერიკელი გენერალი: ერაყში აშშ 2500-მდე სამხედროს დატოვებს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სარდლობის ერთ-ერთი მეთაური Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერაყში ამერიკა 2500-მდე სამხედროს დატოვებას აპირებს.
გენერალ-მაიორ ფრენკ მაკკენზი ამბობს, რომ პენტაგონი ერაყის შეიარაღებულ ძალებს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში“ კვლავ დაეხმარება საჰაერო და სხვა ტიპის სამხედრო მხარდაჭერით.
„ისლამური სახელმწიფო სხვადასხვა სახელით მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას და საფრთხეს უქმნის ერაყს“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი.
ამასთან, ის სხვა საფრთხეების შესახებაც საუბრობს. „პრო-ირანული გასამხედროებული ჯგუფები დასავლური ძალების მიერ ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებას მოითხოვენ. ჩვენმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მათი პროვოცირება გამოიწვიოს“, - აცხადებს მაკკენზი.
ხუთშაბათს ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო მისიასთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ შეთანხმება მიაღწიეს. მანამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ერაყში ამერიკელი სამხედროების მისია წლის ბოლოს დასრულდებოდა.
ამერიკელი სამხედროების მცირე, 900-კაციანი კონტინგენტი რჩება სირიაშიც. ისინი სირიის ოპოზიციურ ძალებს „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ განშტოებებთან ბრძოლაში ეხმარებიან.
2017 წელს დაჯგუფებამ საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციასთან ბრძოლაში დიდი დანაკარგები განიცადა, რის შემდეგად მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ორგანიზაციის სხვადასხვა განშტოება - განსაკუთრებით ავღანეთსა და დასავლეთ აფრიკაში - ფუნქციონირებას კვლავ აგრძელებს.