ანჯეი დუდა პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაყრის გამო წუხს

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაყრის გამო წუხილს გამოთქვამს.

ვწუხვარ, რომ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა გახსოვდეთ, რომ პოლონეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც პროტესტის უფლება არსებობს და ეს კონსტიტუციითაა გარანტირებული“, - ანჯეი დუდა.

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარი გადაკეტეს და მატარებლების, სატვირთოების, ავტობუსებისა და მსუბუქი ავტომანქანების მგზავრებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. დემონსტრაციაში მონაწილე ფერმერების ნაწილმა სატვირთოებიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარა, რაც პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ზვარიჩმა მკაცრად დაგმო და აღნიშნულ ქმედებას ფერმერების მიმართ უპატივცემულობა უწოდა.

“პოლიციამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და კანონის დამრღვევები დასაჯოს. რუსული აგრესიის პირობებში ასეთი ქმედებები უკრაინელი ფერმერების, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების უპატივცემულობაა. სირცხვილი, ბატონებო!“, - ვასილი ზვარიჩი.

უკრაინის საზღვრის ჩაკეტვის პარალელურად, საპროტესტო აქციები მთელი პოლონეთის მასშტაბით იმართება. აქციის მონაწილეებმა ტრაქტორებით ქვეყანაში არაერთი მაგისტრალი გადაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელი მძღოლები საზღვარზე კონტრაქციას მართავენ. ისინი პოლონელ ფერმერებს ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებენ: „მოხსენით ბლოკადა, სახლებში დააბრუნეთ უკრაინელი მძღოლები!“.

პოლონელი ფერმერებისთვის მთავარ გამოწვევას ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, უკრაინიდან იმპორტირებული იაფი საკვები და უსამართლო კონკურენცია წარმოადგენს. დემონსტრანტები, როგორც ბრიუსელისგან, ასევე ეროვნული მთავრობისგან წარმოების ხარჯების შემცირებას და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას მოითხოვენ.

კონტექსტი

2023 წლის დეკემბრიდან ევროპის კონტინენტი ფერმერების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათ მიმართ ხელისუფლების მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის ევროპის მწვანე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რაც ევროპელ ფერმერთა საერთო წუხილის მიზეზს წარმოადგენს.

ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას ევროპის კავშირის მკაცრი რეგულაციები პირობებში აწარმოებენ, რაც მათ წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და საკვების დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს. მაღალი ფასის გამო ევროპელ ფერმერთა პროდუქცია იმპორტირებულ იაფ საკვებს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ფერმერი შემოსავალს კარგავს.

მსგავსი სიახლეები