"ანომალია"- ექსპერტები სოფლებში არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიუთითებენ
საქართველოს რურარულ რაიონებში შესაძლოა ადგილი ჰქონდა ხმების ფალსიფიკაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. საუბარია, ხმების ე.წ. ჩაყრაზე ან არასწორ დათვლაზე.
ამგვარ დასკვნამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე მივიდნენ ელექტორალური ექსპერტები, ლევან კვირკველია და რომან უდოტი.
ორივე მათგანი წერს, რომ დასკვნამდე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოქმების სრულად შესწავლის შემდეგ მივიდნენ.
ორივე ექსპერტი ანალიზში ალექსანდრ სობიანინისა და ვლადისლავ სუხოვოლსკის მეთოდს, რომელიც 1990-იან წლებიდან აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთში არჩევნების შედეგების ანალიზისას. რომან უდოტის თქმით, მეთოდის მიხედვით, ფალსიფიკაციის მაღალი რისკია იქ სადაც ამომრჩეველთა აქტიურობის ზრდა არ აისახება ცალკეული კანდიდატისთვის ან პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელზე.
უდოტისა და კვირკველიას პოსტებში განაალიზებულია არჩევნების შედეგები მსხვილ ქალაქებსა (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) და სოფლებს შორის. აღნიშნულ ქალაქებში მოქმედ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე პარტიათა მხარდაჭერის მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია. ხოლო რურარულ დასახლებებში რადიკალურად განსხვავებული სურათია.
"ვხედავთ სურათს, რომ ასობით პატარა რურარულ დასახლებაში არჩევნებზე მოსული პირობითად 100 ამომრჩევლიდან თითქმის 100-ივე ხმას აძლევს მმართველ პარტიას. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია სამართლიან არჩევნებზე"- წერს ლევან კვირკველია.
ექსპერტი ასევე ყურადღებას ამახვილებს ქართული ოცნების შედეგებში არსებულ სხვაობაზე ქალაქებსა და სოფლებს შორის. კვირკველიას მომზადებულ გრაფიკზე ჩანს სტატისტიკური ანომალია, ე.წ. კუდი, რომელიც მისი თქმით, განპირორებულია მმართველი პარტიის მხარდაჭერის მკვეთრი და უჩვეული ზრდით 400-მდე რურარულ დასახლებულ პუნქტში.
"სტატისტიკურად წარმოუდგენელია, რომ ამდენ დასახლებულ პუნქტში ზოგადი ტენდენციის ნაცვლად მკვეთრი ნახტომი გამოვლინდეს"- წერს ექსპერტი.
ამავე "კუდზე" ამახვილებს ყურადღებას რომან უდოტიც - ელექტორალური ექსპერტი წერს, რომ ფენომენი კარგად არის ნაცნობი რუსი მკვლევარებისთვის და ვლინდება იქ სადაც უჩვეულოდ მაღალი აქტივობაა.
ამასთანავე ექსპერტები ვერ აკონკრეტებენ თუ რამხელა გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგებზე. რომან უდოტმა თავი შეიკავა მსგავსი შეფასებისგან დამოუკიდებელ რუსულ გამოცემა Aгенство-სთან საუბარშიც.
კონტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმათა 53.4%-ით გაიმარჯვა.
5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა ჯამური მხარდაჭერა 37%-ს შეადგენს. ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
მსგავსი განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც დღეს, 28 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა.
ქართული ოცნება გაყალბების ბრალდებებს უარყოფს.