აქციების ფონზე ჩინეთმა Covid რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო
ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა 10 ახალი წესი, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებს შეამსუბუქებს.
ახალი წესები, უსიმპტომო და მსუბუქად ინფიცირებულ პაციენტებს, სახლში კარანტინის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, სახელმწიფო საბჭომ აღნიშნა, რომ მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს იმ ადგილებში, რომლებიც არ მიეკუთვნება მაღალი რისკის შემცველ ზონებს.
მნიშვნელოვნად შემცირდა QR კოდების გამოყენება, რაც აქამდე სავალდებულო იყო, საზოადოებრივ ადგილებში მოსახვედრად.
7 დეკემბრიდან, ჩინეთში მოგზაურობის წესებიც გამარტივდება - ტურისტებს აღარ დასჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, როგორც მოგზაურობის დასაწყისში, ასევე დანიშნულების ადგილზე მისასვლელად.
ტელეკომპანია CNN-ი, რეგულაციების შემსუბუქებას საპროტესტო აქციებს უკავშირებს, რომელიც ქვეყნის ბევრ რეგიონში პარალელურად მიმდინარეობდა. ურუმჩიში, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად კონტროლირებად ქალაქში, ხალხი ქუჩებში 25 ნოემბერს გამოვიდა, რის შემდეგაც, საპროტესტო ტალღა, დაახლოებით 15 დიდ ქალაქს გადაედო.
28 ნოემბერს, ჩინეთის ხელისუფლებამ პოლიციის დიდი ნაწილი - პეკინის, შანხაის, ჩენდუსა და ვუჰანის ქუჩებში გაიყვანა. დემონსტრანტები, გარდა COVID-რეგულაციების საწინააღმდეგო მოთხოვნებისა, ყვიროდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, როგორიცაა - "ძირს კომუნისტური პარტია" და "ძირს სი ძინფინგი."