Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ტოვებს OPEC-სა და OPEC+-ს
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ისა და OPEC+-ის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ვითარების არსი: სააგენტოს თანახმად, ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმაა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა და მისი დე ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთისთვის, განსაკუთრებით ირანთან მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე.
- როგორც "როიტერი" აღნიშნავს, საამიროების, როგორც ორგანიზაციის ვეტერანი წევრის გასვლამ, შესაძლოა ჯგუფის შიგნით დეზორგანიზაცია გამოიწვიოს და დაასუსტოს ის ერთიანი ფრონტი, რომელსაც OPEC-ი წარმოების კვოტებისა თუ გეოპოლიტიკური საკითხების გარშემო ჩვეულებრივ ინარჩუნებდა.
რას ამბობენ: საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა, სუჰაილ მოჰამედ ალ-მაზროუიმ „როიტერთან“ საუბარში განმარტა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად მიიღეს.
- საგულისხმოა, რომ მინისტრის თქმით, აბუ-დაბის ამ საკითხზე კონსულტაციები სხვა პარტნიორებთან, მათ შორის არც საუდის არაბეთთან, არ გაუვლია.
- „როიტერი“ აქვე მიუთითებს, რომ ეს ნაბიჯი ერთგვარი პოლიტიკური გამარჯვებაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, რომელიც ორგანიზაციას ფასების ხელოვნურ ზრდაში დიდი ხანია ადანაშაულებს.
- გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ საამიროების გადაწყვეტილება მოჰყვა უკმაყოფილებას მეზობელი არაბული ქვეყნების მიმართ, რომლებმაც, აბუ-დაბის აზრით, ომის დროს ირანის თავდასხმებისგან მათი დაცვისთვის საკმარისი არ გააკეთეს.