"არანაირი საბუთები" - უკრაინა საბაჟო პროცედურებს ამარტივებს
"უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ამარტივებს საბაჟო პროცედურებს," - განაცხადა 18 მარტს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა.
"მთავრობამ გადაწყვიტა მაქსიმალურად გაამარტივოს ყველა საბაჟო პროცედურა. ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საბაჟო, საბაჟოზე არანაირი დოკუმენტაცია არ იქნება საჭირო", - თქვა მან.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგისტრაცია მოხდება დეკლარაციულ საფუძველზე, "დღგ-ს, გადასახადებისა და საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე" - საბაჟო და საგადასახადო კოდექსებში ცვლილებების მიღებიდან და ძალაში შესვლისთანავე.
მისივე თქმით, ტვირთი საზღვარზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაივლის.
"მინისტრთა კაბინეტის რეზოლუცია უკვე მიღებულია. ჩვენ ველით, რომ უზენაესი რადა რაც შეიძლება მალე გაათავისუფლებს გადასახადებისგან ყველა საქონელს, რომელიც დღეს უკრაინაში შემოდის", - განაცხადა შმიჰალმა.