არჩევნები მცირე ინტრიგით - რა უნდა ვიცოდეთ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე
ავიაკატასტროფაში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მოულოდნელი დაღუპვიდან 1 თვის შემდეგ ირანში სახელდახელოდ ორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
ბიულეტენზე 4 კანდიდატით, პირველად ბოლო წლების განმავლობაში არჩევნების ბედი არ არის წინასწარ განსაზღვრული. 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც სრულიად უკონკურენტო იყო ამჯერად ირანის უმაღლესი ლიდერის მიერ კონტროლირებადმა საბჭომ უფრო კონკურენტული არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა და რბოლაში ერთ-ერთი ე.წ. რეფორმატორი კანდიდატიც დაუშვა.
ირანის პოლიტიკურ წყობის სისტემაში გადამწყვეტი გავლენა უმაღლეს ლიდერს აქვს - ალი ხამენეი პირდაპირი და ირიბი კონტროლის მექანიზმებით აკონტროლებს პარლამენტს, მედიას, არმიას. ამ სისტემაში პრეზიდენტი საკუთარი გავლენით ნომინალურად მეორე პირია.
პრეზიდენტს აქვს დიდი გავლენა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის რელიგიური წესების აღსრულებასა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
მაღალი ალბათობით, ხმების დათვლა კვირას, 30 ივნისს დასრულდება, თუმცა წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კანდიდატმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს.
კანდიდატები
ირანის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭიროა უმაღლესი ლიდერის მიერ კონტროლირებული მცველთა საბჭოს თანხმობა. საბჭო ამოწმებს რამდენად შეესაბამება კანდიდატი ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლურ პრინციპებს. 12 წევრისგან შემდგარი საბჭოში 6 სასულიერო პირია, მეორე ნახევარი კი იურისტი - ყოველ მათგანს პირდაპირი ან ირიბი წესით უმაღლესი ლიდერი ნიშნავს.
წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 80-მა მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა საბჭომ სულ 6 მათგანი დაარეგისტრირა, ყოველი მათგანი კაცია. საარჩევნო ურნების გახსნამდე 24 საათით ორმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და საკუთარ ამომრჩევლებს ერთ-ერთი კონსერვატორი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
მოჰამად ბაგერი გალიბაფი
62 წლის გალიბაფი ამ დრომდე პარლამენტის სპიკერის პოსტს იკავებდა. 2005-2017 წლებში კი თეირანის მერიც იყო. გალიბას აქვს მდიდარი სამხედრო გამოცდილებაც, მათ შორის 3 წლის განმავლობაში იკავებდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურის პოსტს. გალიბაფი ცნობილია 1990-იანი წლების მიწურულს ირანში მიმდინარე სტუნდური პროტესტების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობითაც, რომლის დროსაც პოლიციის უფროსად მსახურობდა.
საედ ჯალილი
58 წლის ჯალილი 2015 წელს დასავლეთთან შემდგარი ბირთვულ შეთანხმებების დროს ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი იყო. ჯალილი ე.წ. კონსერვატიულ ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთთან დათმობებს და უფრო მკაცრი საგარეო პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. ამ დროისთვის ჯალილი ალი ხამინეის მრჩეველთა საბჭოს წევრია. გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ჯალილი გააგრძელებს მკაცრ პოლიტიკას, როგორც ანტი-სამთავრობო პროტესტების, ასევე, ქალთა მოძრაობის მიმართაც.
მოსტაფა პურმაჰმუდი
64 წლის პურმაჰმუდი საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილე ერთადერთი სასულიერო პირია. მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის დროს იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, ხოლო ჰასან როუჰანის ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ებრაჰიმ რაისის მსგავსად პურმაჰმუდი იყო ერთ-ერთი მბრალდებელი 1988 წლის გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე, რომელსაც ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასუდ ფეზეშკიანი
ანალიტიკოსების ცნობით, 69 წლის ფეზეშკიანი საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილე ერთადერთი რეფორმისტია. განათლებით ქირურგი ფეზეშკიანის წინასაარჩევნო კამპანია ქალთა უფლებებისა, ახალგაზრდებისა და უმცირესბობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეა აგებული. ფეზეშკიანი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც შეეწინაღმდეგა რეჟიმის ნარატივის მაჰსა ამინის მკვლელობის საქმეზე. არჩევნების მთავარი ინტრიგა სწორედ ფეზეშკიანის ფიგურას უკავშირდება.
აქტივობა - მთავარი ინდიკატორი
რეგიონის კომენტატორების აზრით, არჩევნების ბედს აქტივობა გადაწყვეტს - ერთ-ერთი ვერსიით რეფორმატორი კანდიდატის დაშვება სწორედ აქტივობისა და შესაბამისად არჩევნების ლეგიტიმაციის ზრდის მიზნით იყო განპირობებული.
როგორც ჩანს გადაწყვეტილებაზე ასევე იმოქმედა 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილებამ - სრულიად უკონკურენტო არჩევნებზე ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.
ანალიტიკოსების აზრით, 50%-ზე მაღალი აქტივობა პირველ რიგში რეფორმისტი ფეზეშკიანისთვის იქნება სასარგებლო, ხოლო დაბალი აქტივობა კი პირიქით სახელისუფლებო კანდიდატებს მისცემს ხელს. ჯერჯერობით რთულია სათქმელია რამდენად შეძლებს ფეზეშკიანი სისტემით იმედგაცრუებული და ზომით ყველაზე მოცულობითი ბოიკოტის ბანაკის მიმხრობას.