აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალების განთავსებას აპირებს
აშშ ნატოს მოკავშირეების ტერიტორიაზე - აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებში - რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების განთავსებას აპირებს.
ინფორმაციას თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.
აქამდე პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის მეზობლად განთავსებული სამხედრო ძალების გაძლიერებისგან თავს იკავებდა, თუმცა ბოლო დროს ბელარუსში რუსული მძიმე ტექნიკის შესვლამ შესაძლოა სურათი შეცვალოს, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
კემპ დევიდის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბაიდენს რუსეთის შეკავების ალტერნატივები წარუდგინეს, რაც თავდაპირველად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ათასიდან ხუთი ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას ითვალისწინებს. რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ინტერვენციის წამოწყების შემთხვევაში გაგზავნილი კონტინგენტის რაოდენობა შეიძლება გაათმაგდეს.
აქამდე ვაშინგტონში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ უკრაინაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაგზავნას გამორიცხავენ.
თუმცა, აშშ აქტიურად განიხილავს ნატოს მოკავშირე ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, როგორც რუსეთის შეკავების ერთ-ერთ ზომას.
პარალელურად, ამერიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა ტიპის სამხედრო დახმარებით ამარაგებს.