აშშ და რუსეთი მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ
10 იანვარს აშშ და რუსეთი ბირთვული განიარაღების და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„რუსეთი საკუთარ ხედვებს გაგვიზიარებს, ჩვენ კი რუსეთს მისი ქმედებების შესახებ ჩვენს დამოკიდებულებას გავაცნობთ“, - აცხადებს აშშ-ს უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერი.
12 იანვარს კრემლის დელეგაცია ნატოს წარმომადგენლებს შეხვდება, 13 იანვარს კი ერთობლივი სამიტი ეუთოს ეგიდის ქვეშ გაიმართება.
ცოტა ხნის წინ, წინასაახალწლო პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების დაუყოვნებლივ გაცემა“ მოსთხოვა - წინააღმდეგ შემთხვევაში კი „საპასუხო ზომების“ მიღებით დაიმუქრა.
17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნების ვრცელი სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კრემლი დასავლეთს ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას და, ფაქტობრივად, პოსტ-საბჭოთა სივრცის რუსეთის გავლენის სფეროდ დაკანონებას სთხოვს.
ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ რუსეთის მოთხოვნები დასავლურ ღირებულებებთან „შეუთავსებელია“, თუმცა დიალოგს, როგორც ვითარების დეესკალაციას საშუალებას, მაინც განიხილავენ.
"შეკავების დიპლომატია“?
ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან უპრეცედენტო სამხედრო მობილიზაციის შემდეგ კრემლისთვის მკაცრი სიგნალების გაგზავნას ცდილობს.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, იანვარში შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში ხელახლა შეჭრა სცადოს.
ბაიდენის მრჩევლები აცხადებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით „მკაფიოა“ - ვაშინგტონი კიევთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
მიუხედავად ამისა, „მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რუსეთთან პრინციპული დიპლომატია ვაწარმოოთ“, - ამბობს თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.