აშშ ეჭვობს, რომ უკრაინის იერიში ისეთივე წარმატებული იქნება როგორც შემოდგომაზე
უკრაინის შეიარაღებული ძალებში არსებული პრობლემების ფონზე, მათი მოახლოებული კონტრიერიში შესაძლოა გაცილებით უფრო მოკრძალებული შედეგებით დასრულდეს.
არასაკმარისი შეიარაღების, საარტილერიო ჭურვებისა და მობილიზაციის პრობლემების ფონზე აშშ ვარაუდობს, რომ უკრაინის საგაზაფხულო კონტრიერიში ვერ იქნება ისეთივე წარმატებული როგორც შემოდგომაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თებერვლის დასაწყისში შექმნილ ერთ-ერთ ესეთ საიდუმლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაღალი ალბათობით უკრაინა ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს ჩაჭრას ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორი. "სათანადო წვრთნისა და საბრძოლო მასალების ნაკლებობის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ЗСУ-ს ტერიტორიული წინსვლა შეზღდული იქნება, ხოლო რუსეთის გამაგრებული თავდაცვითი ზღუდეების გათვალისწინებით უკრაინის დანაკარგები კონტრიერიშის დროს გაიზრდება"- ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტზე გაკეთებული წარწერები მეტყველებს, რომ ინფორმაცია მოპოვებულია როგორც ოპერატიული წყაროების ასევე თვალთვალის სპეცსაშუალებებით.
WaPo-ს ინფორმაციით, მსგავს დასკვნამდე მივიდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოც. გაზეთის ცნობით, გასულ კვირებში ამ დასკვნას ამერიკელი მაღალჩინოსნებიც გაეცნენ. გაზეთის წყარობი ამბობენ, რომ დასკვნის შედეგებზე საუბრები შედგა უკრაინულ მხარესთანაც.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთ ასეთი შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში გაიმართა, შეხვედრაში აშშ-ს მხრიდან მონაწილეობდნენ გაერთიანებული შტაბის მეთაური, მარკ მილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და მათი უკრაინელი კოლეგები.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ასევე დაორგანიზდა ე.წ. საომარი თამაშები, რომელთა მიზანიც იყო უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის დაენახვებინათ რამდენად განსხვავებულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორი შეიძლება იყოს სამხედრო ნაწილების დიდ ტერიტორიაზე გაშლის უარყოფითი შედეგები. მათი ცნობით, შესაძლოა მომარაგების ხაზები ძალიან გაიწელოს, რამაც საფრთხე შეუქმნას უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებს.
გაზეთის წყაროს ცნობით, შეხვედრების შედეგად უკრაინელები გაცილებით უფრო რეალურად აფასებდნენ შეტევის პოტენციალს და იერიშის მომზადების პროცესიც ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ყირიმთან დამაკავშირებელი კორიდორის ჩაჭრა საგაზაფხულო იერიშის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა, ამერიკელი მაღალჩინოსნები გამოთქვამენ იმედს, რომ იერიშის შემდეგ საოკუპაციო ძალებს მომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, ხოლო მათი პოზიციები პირდაპირი საფრთხის ქვეშ დადგება.
გაზეთი ესაუბრა უკრაინელ მაღალჩინოსანსაც, რომელმაც უარი თქვა დოკუმენტის კომენტირებაზე, თუმცა აღიარა ლოჯისტიკური სირთულეები. უკრაინული წყაროს ცნობით, მთავარ სირთულეს დასავლური შეიარაღების მიწოდების შეყოვნება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ აჭიანურებს ახალი დანაყოფების წვრთნასაც.
კიდევ ერთმა უკრაინულმა წყარომ საიდუმლო დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არ ქმნის იერიშის გეგმის კომპრომეტირების საფრთხეს - "ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ საბრძოლო მასალის ნაკლებობა გვაქ. ასევე ნოემბრიდან მოყოლებული ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი მომდევნო იერიში სამხრეთში განვითარდება, ჯერ მელიტოპოლი და შემდეგ ბერდიანსკი."
კონტექსტი
გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში აშშ-ს თავდაცვის უწყების მიერ მომზადებული ასობით საიდუმლო დოკუმენტი გავრცელდა. მათ შორის დოკუმენტები ეხება უკრაინის მიერ დაგეგმილ კონტრიერიშს, დანაკარგების თანაფარდობას, რუსეთის სამხედრო გეგმებს.
დოკუმენტების ნაწილი ეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს მათ შორის ახლო აღმოსავლეთს, ჩინეთის სამხედრო აქტივობებს და აშშ-ს მოკავშირეების გეგმებს.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო, ჯერჯერობით რთული სათქმელია თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი აშშ-ს სადაზვერვო უწყებების ძალისხმევისთვის.
დოკუმენტების ნაწილი სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს Discord-სა Minecraft-ის პლატფორმებზე გავრცელდა.
უკრაინის ხელისუფლებაში გავრცელებულ დოკუმენტებს ყალბი უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო სპეცოპერაციაა.