აშშ-ის ელჩი ნატოში: რამშტაინის მორიგი შეხვედრა 12 ოქტომბერს შედგება
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც რამშტაინის ფორმატი, ბრიუსელში, ბელგიაში, 12 ოქტომბერს შეიკრიბება. ამის შესახებ 29 სექტემბერს ჟურნალისტებს ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა განუცხადა.
შეხვედრა 13 ოქტომბერს დაგეგმილი ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინა დღეს გაიმართება.
"რადიო თავისუფლების" კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ მოახლოებული შეხვედრისგან და შეიძლება თუ არა უკრაინას გადაეცეს შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებიც სამიზნეებს 300 კმ-მდე მანძილზე მიაღწევენ, დასავლური ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები, ელჩმა უპასუხა, რომ დახმარების გაწევა არის მუდმივად განვითარებადი პროცესი. მან მაგალითად მოიყვანა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, შემდეგ სანაპირო თავდაცვისა და ასევე საბრძოლო მასალის მიწოდება.
"ზუსტად ვერ გეტყვით, როგორი იქნება მოახლოებული დახმარება. შემიძლია ვთქვა, რომ ის გაგრძელდება აშშ-დან, ისევე როგორც ნატოს სხვა მოკავშირეებისგან. მე ვერ ვხედავ ამ პროცესის შეჩერებას და ის გაგრძელდება. ამ სიებს დავაფუძნებთ იმაზე, თუ რა აქვს და რა სჭირდება უკრაინას. ჩვენ მუდმივად ვპოულობთ გზებს ამ ორი ასპექტის გაერთიანებისთვის," - თქვა მან.
სმიტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და მოკავშირეები მუდმივ კონტაქტში არიან უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რათა დაადგინონ რა სჭირდებათ უკრაინელ სამხედროებს ადგილზე.
"ჩვენ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მოთხოვნები ნათლად და ხმამაღლა. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით. მაგრამ ვფიქრობ, თუ ისტორია რაღაცას გვაჩვენებს, ეს განვითარებადი პროცესია", - დასძინა მან.