აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი მომავალ კვირას უკრაინის დახმარებაზე კენჭისყრას ელის
სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ მომავალ კვირას კენჭი ეყრება ეროვნული უსაფრთხოების დამატებით კანონპროექტს, რომელიც მოიცავს ორპარტიულ შეთანხმებას საზღვრის უსაფრთხოების შესახებ და უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.
ამის შესახებ Politico წერს.
მისივე თქმით, შეთანხმების ტექსტი პარასკევს ან კვირას გახდება ცნობილი. ის კანონპროექტის კენჭისყრას მომავალ კვირას, არაუგვიანეს ოთხშაბათისა გეგმავს.
"ეს კონგრესის წევრებს საკმარის დროს მისცემს კანონპროექტის კენჭისყრამდე განხილვისთვის," - აღნიშნა შუმერმა.
სენატის ასიგნებების კომიტეტის ბევრმა წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ ჰქონდეთ საკმარისი დრო კანონპროექტის ტექსტის შესასწავლად და განსახილველად.
რესპუბლიკელმა მომლაპარაკებელმა სენატორმა ჯეიმს ლანკფორდმა თქვა, რომ "არსებობენ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სამ დღეს და არიან ისეთებიც, რომლებიც ითხოვენ სამ კვირას."
ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებს თუ არა სენატის ხელმძღვანელობა პაკეტში შესწორებების შეტანას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გადადოს საბოლოო კენჭისყრა.
მედია ადრე წერდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ბალტიისპირეთის პარლამენტების სამ ლიდერს უთხრა, რომ მექსიკასთან საზღვრის დაცვისა და უკრაინის დამატებითი დაფინანსების საკითხი, "სავარაუდოდ," გაიყო სასაზღვრო პოლიტიკის რეფორმაზე შეშფოთების გამო.
თუმცა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესთან არ განიხილავს უკრაინისა და ისრაელისთვის დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობას.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა თეთრი სახლისგან გადამწყვეტი ზომები მოითხოვეს აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად.
დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც უკრაინის 61 მილიარდი დოლარით დახმარებას მოიცავს, კონგრესში საიმიგრაციო კრიზისის გამო შეფერხდა.