აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიო დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად დანიშვნას.
რუბიომ 100-დან 99 სენატორის მხარდაჭერა მიიღო, წინააღმდეგი კი არცერთი ყოფილა, მას შემდეგ, რაც სენატის საგარეო ურთიერთობათა და დაზვერვის კომიტეტებზე ხანგრძლივი მოსმენები გაიარა, რომლებიც მისთვის მეგობრულ გარემოში ჩატარდა.
რუბიო არის ტრამპის კაბინეტის პირველი წარმომადგენელი, რომელსაც სენატმა მხარი დაუჭირა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინაუგურაცია დასრულდა.
ტრამპის ადმინისტრაციის კანდიდატების სხვა კენჭისყრები ამ კვირაში ჩატარდება.
53 წლის რუბიო ჩინეთის მკაცრი კრიტიკოსია და ისრაელის მხარდამჭერი პოზიციებით გამოირჩევა. კუბელი ემიგრანტების შვილი, განსაკუთრებით მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს კომუნისტების მიერ მართული კუნძულისა და მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ.
სენატში მოსმენის დროს მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეცვალოს კურსი, რათა თავიდან აიცილოს ჩინეთზე უფრო მეტი დამოკიდებულება და მტკიცე საგარეო პოლიტიკის გატარების პირობა დადო, რომელიც ორიენტირებულია ამერიკის ინტერესებზე.
რუბიომ ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. მან განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ცეცხლის შეწყვეტაზე მოიცავს კომპრომისებს როგორც მოსკოვისგან, ასევე კიევისგან და მან თქვა, რომ უკრაინას მოუწევს უარი თქვას მიზანზე, დაიბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია.
რუბიო ესპანური წარმოშობის პირველი პოლიტიკოსია, რომელიც აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი გახდა.
ახალი სახელმწიფო მდივანი საქართველოს კარგად იცნობს. 2010-იანი წლების პირველ ნაწილში ის ხშირად ხვდებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და გამოხატავდა პოზიციებს ქართულ პოლიტიკაზე.