აშშ-მ ერიტრეის მმართველ პარტიას და არმიას სანქციები დაუწესა
პარასკევს აშშ-ს ხაზინამ სანქციები დაუწესა ერიტრეის მმართველ პარტიის და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებს.
ხაზინის განცხადებით, შეზღუდვები იმ პირებს დაუწესდათ, ვინც ერიტრეის მეზობელ ეთიოპიაში სამოქალაქო ომის გაღვივებაში მონაწილეობდნენ.
„ჩვენ ვგმობთ ერიტრეელი მაღალჩინოსნების ქმედებებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ ეთიოპიაში ძალადობას და ძირი გამოუთხარეს ქვეყნის სტაბილურობასა და ერთიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს მთავარმა საფინანსო უწყებამ სანქციები შესაძლოა ეთიოპიის ცენტრალური ხელისუფლების და ტიგრაის ხალხის განთავისუფლების არმიის წინააღმდეგაც გამოიყენოს, რომლებიც ეთიოპიის კონფლიქტში მთავარ დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ.
უკვე ერთი წელია, რაც ეთიოპიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რამაც მილიონობით ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მიიყვანა.
გასულ კვირას გაერომ მხარეებს მოუწოდა, რომ ტიგრაის პროვინციაში ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა უზრუნველყონ.