აშშ-მ ჰეზბოლა გააფრთხილა, რომ ესკალაციის შემთხვევაში ისრაელს ვერ შეაკავებენ
გასულ კვირაში ბეირუთში ვიზიტის ყოფნისას პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ამოს ხოხშტეინმა ჰეზბოლას წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში აშშ ვერ შეაკავებდა ისრაელის საპასუხო რეაქციას.
ინფორმაციას ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
ბაიდენის ადმინისტრაციაში ადარდებთ, რომ ისრაელიც და ჰეზბოლა მიზანმიმართულად მიდიან ესკალაციაზე და ამავდროულად ფიქრობენ, რომ შეუძლიათ მასშტაბური ომის თავიდან არიდება.
გარდა ამისა, ბაიდენის გუნდში მიაჩნიათ, რომ ვითარება ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე ვერ დასტაბილურდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, ხოლო ჰეზბოლასა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე აშშ იძულებული იქნება უფრო ღრმად ჩაერთოს რეგიონულ კონფლიქტში.
გასულ კვირას ამოს ხოხშტეინი გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მეოთხედ იმყოფებოდა რეგიონში - ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ, იოავ გალანტთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი დიპლომატი ლიბანისკენ გაემართა.
ბეირუთში ხოხშტეინი ლიბანის პარლამენტის სპიკერს, ნაბი ბერის, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, ნაჯიბ მიკატისა და ლიბანის არმიის მთავარსარდალს, ჯოზეფ აუნს შეხვდა.
ჰეზბოლასთან დაახლოებული პარლამენტის სპიკერთან შეხვედრაზე ხოხშტეინმა მას სთხოვა ჰეზბოლას ლიდერ ნასრალასთვის გადაეცა გზავნილი - "შეხედულება, რომ აშშ აკონტროლებს ისრაელს არასწორია."
წყაროების ცნობით, ხოხშტეინმა ბერის განუცხადა, რომ საზღვარზე ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში აშშ ვერ შეაკავებს ისრაელის საპასუხო რეაქციას. ხოხშტეინის თქმით, ჰეზბოლა ისრაელთან უნდა დაიწყოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები.
ამავე წყაროების ცნობით, ამერიკელებისადმი საპასუხო გზავნილში ჰეზბოლას ლიდერი ამბობდა, რომ მის დაჯგუფებას არ სურს ომი, მაგრამ მზად არის მძიმე დარტყმა მიაყენოს ისრაელს თუ კი ისრაელის არმია ლიბანის საზღვარს გადაკვეთავს.
ხოხშტეინის ვიზიტი რეგიონში წინ უძღოდა ისრაელის თავდაცვის მინისტრისა და ნეთანიაჰუს მრჩეველის ვიზიტს ვაშინგტონში. ამერიკული წყაროების ცნობით, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა კოლეგებს განუცხადეს, რომ ნეთანიაჰუს არ სურს ომი ჰეზბოლასთან და მზად არის დიპლომატიური გამოსავლის ძიებაში ჩაერთოს.
წყაროები ამბობენ, რომ ჰეზბოლას თავდასხმის შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს სრულ მხარდაჭერას აღუთქვა.
კონტექსტი
ჰეზბოლასთან მზარდი სამხედრო ესკალაციის ფონზე 18 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ არმიამ უკვე დაამტკიცა საომარი მოქმედების გეგმა ლიბანში.
გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ამ მონაკვეთზე მოქმედი სამხედრო დანაყოფების მზაობის დონის გაზრდის შესახებ.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხედრო დაპირისპირება 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო და პერიოდულად მწვავდება.
11 ივნისს ისრაელის საავიაციო დარტყმის შედეგად ლიბანში მოკლეს ჰეზბოლას ერთ-ერთი ელიტური დანაყოფის მეთაური ტალებ აბდულა. აბდულა 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ ლიკვიდირებული ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ჰეზბოლადან.
საზღვარზე სროლების ინტენსივობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო კვირებში. ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში ამბობდნენ რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა. ამ ფონზე ისრაელის ომის კაბინეტში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდებები ჰეზბოლას წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების აუცილებლობის შესახებ.
6 ივნისს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ამერიკელი კოლეგები აფრთხილებდნენ ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ჰეზბოლასთან მცირე ან ლიმიტირებული ომის ოფცია არ იყო რეალისტური და რომ დაპირისპირებაში ირანის პირდაპირი ჩართვააა მოსალოდნელი.
ამერიკელთა აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე მხოლოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას კონფლიქტის გაფართოების მაღალი რისკი არსებობს. ამავე წყაროების ცნობით, არსებობს რისკი, რომ საომარი მოქმედებების ლიბანის ტერიტორიაზე გადმოტანის შემთხვევაში ქვეყანაში ირანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების ათასობით მებრძოლი ჩავა, სირიიდან, იემენიდან, ერაყიდან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის არმიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვრის მონაკვეთიდან ჰეზბოლას დანაყოფების 10-15 კილომეტრით დაშორებაა. საუბარია მდინარე ლიტანის გადაღმა ტერიტორიაზე.
ლიბანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ისრაელი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია ჰამასის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა. ამ დრომდე ევაკუაციაში რჩება 60 ათასამდე მოქალაქე.
ბოლო კვირებში გაიზარდა ჰეზბოლას მხრიდან განხორციელებული დრონების წარმატებული თავდასხმების რიცხვი. მზარდ პრობლემას წარმოადგენს დაჯგუფების მიერ ნასროლი ბურქანის ტიპის რაკეტები, რომლებიც აზიანებენ ისრაელის სამხედრო ბაზებს.