აშშ-მ კარაკასზე საჰაერო დარტყმები მიიტანა, მადურო დაპატიმრებულია - ბოლო ცნობები

დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელას დიქტატორი დაპატიმრებულია და ცოლთან ერთად გაყვანილია ქვეყნიდან - ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებას რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმები უძღოდა წინ. 

ვითარების არსი: მადუროს დაპატიმრების შესახებ დონალდ ტრამპმა 3 იანვრის დილის საათებში გამოაცხადა. 

დაეწიე ამბავს: Asociated Press-ის ცნობით, ღამის განმავლობაში კარაკასში სულ მცირე 7 აფეთქების ხმა გაისმა, პარალელურად გავრცელდა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ამერიკული ვერტმფრენების კადრები უშუალოდ ქალაქის საჰაერო სივრცეში. 

  • საჰაერო დარტყმების განხორციელებამდე ამერიკის ავიაციის სააგენტომ დახურა ვენესუელას საჰაერო სივრცე ამერიკული კომერციული თვითმფრინავებისთვის. 

ჩაშლილად: მადუროს ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგეზმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მათთვის უცნობია მადუროსა და მისი ცოლის, სილია ფლორესის ადგილმდებარეობა და აშშ-სგან მოითხოვა მტკიცებულება, რომ ისინი ცოცხლები არიან. 

  • იუტას სენატორის, მაიკ ლის თქმით, სატელეფონო საუბარსი მარკო რუბიომ განუცხადა, რომ მადურო ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება - "რუბიო არ პროგნოზირებს ახალ სამხედრო მოქმედებებს, ჯერჯერობით"- ამბობს ლი. 

წინარეისტორია: მადუროს კორუფციისა და ნარკოტრაფიკის ბრალდება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2020 წელს წარუდგინა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტმა მადუროს დაპატიმრებისთვის ხელშემწყობი ინფორმაციისთვის 50 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა. 

  • "ტირანი დაემხო, როგორც იქნა ის აგებს პასუხებს თავისი დანაშაულებისთვის"- განაცხადა მარკო რუბიოს მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ. 

ბოლო ცნობები: მადუროს დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ New York Times-სთან გამართულ 50-წამიან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო "ბრწყინვალე" ოპერაცია მადლობა გადაუხადა მასში მონაწილე სამხედროებს. 

  • ტრამპის თქმით, რომ ადგილობრივი დროით 11 საათზე (თბილისის დროით 20 საათზე) მარ-ა-ლაგოში ვრცელ პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც პრესის კითხვებსაც უპასუხებს. 

  • მადუროს დაპატიმრებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა იუსტიციის მდივანი, პემ ბონდი, რომლის თქმითაც, მადურო წარდგება ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე ამერიკულ მიწაზე. 
  • მადუროს დაპატიმრების ცნობების შემდეგ თავის პირველ საჯარო აქტივობაში სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადააზიარა თავისი პოსტი 2025 წლის ივლისიდან - "მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ არის ლეგიტიმური მთავრობა"- ნათქვამია განცხადებაში. 

რას ამბობენ ვენესუელაში: მადუროს რეჟიმის წარმომადგენლებიდან ბოლო მიმართვა გენერალურმა პროკურორმა, ტარეკ უილიამ სააბმა გაავრცელა, რომელმაც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. 

  • ცოტა ხნით ადრე გავრცელდა შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელოს განცხადება, რომელმაც მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა. 

  • ამერიკის საჰაერო დარტყმებამდე ცოტა ხნით ადრე მადუროს რეჟიმი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა - თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინო ლოპეზმა, რომელმაც ამერიკის ინტერვენციას ვენესუელას ისტორიაში "ყველაზე თავხედური" თავდასხმა უწოდა.

საერთაშორისო რეაქცია: კარაკასში განვითარებულ მოვლენებს ერთ-ერთი პირველი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც "დაგმო" აშშ-ს საჰაერო დარტყმები. 

  • რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ "აშშ ვენესუელას წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა" - МИД-მა მხარეებს მოუწოდა თავი შეიკავონ ესკალაციისგან და გამოსავალი დიალოგის გზით იპოვონ. 

  • მადუროს დაპატიმრებას ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია ჩინეთის მხრიდან, თუმცა ბოლო შეხვედრა დაპატიმრებამდე მადურომ სწორედ სი ძინფინგის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართა. 

  • მადუროს დაპატიმრებას მიესალმა არგენტინის პრეზიდენტი - "თავისუფლება იმარჯვებს"- დაწერა თავის სოციალურ ქსელებში ხავიერ მილეიმ. 

  • მეზობელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება კოლუმბია, პრეზიდენტ გუსტავო პეტროს თქმით, მან უკვე გასცა ბრძანება სასაზღვრო ზოლში დამატებითი სამხედრო ძალების განთავსების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ლტოლვილების ახალ ნაკადს. 

მსგავსი სიახლეები