აშშ-მ მიანმარის ხუნტა როჰინგიების ეთნოსის გენოციდში დაადანაშაულა
თეთრმა სახლმა მიანმარის ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ დევნა „გენოციდად“ გამოაცხადა და ქვეყნის მმართველ სამხედრო ხუნტას ომის დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.
მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა მუსლიმი როჰინგიების ეთნოსის დევნის კამპანია 2017 წელს წამოიწყეს.
მას შემდეგ რახინის პროვინციიდან გაქცევა 745 000 როჰინგიას მოუწია, ათასობით მათგანი კი დევნისას დაიღუპა.
როჰინგიების უმრავლესობა ბუდისტური მიანმარიდან მუსლიმურ ბანგლადეშში გადასახლდა, სადაც მათ მძიმე პირობებში, ლტოლვილის სტატუსით ცხოვრება უწევთ.
„ჰოლოკოსტის გამოკლებით, აშშ გენოციდის დანაშაულის სულ შვიდ შემთხვევას აღიარებს. დღევანდელი მერვეა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან მიანმარის შეიარაღებული ძალები ხელისუფლებაში იმყოფებიან.
მიანმარელმა გენერლებმა სამოქალაქო ხელისუფლება დაამხეს, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
მიანმარის ხუნტის განცხადებით, როჰინგიების წინააღმდეგ დევნა „ტერორიზმთან“ ბრძოლის მოტივით ხორციელდება.
როჰინგიებს, რომელთა უმრავლესობას მიანმარის მოქალაქეობა არ აქვს, გაერო „მსოფლიო ყველაზე უფრო შევიწროებულ უმცირესობას“ უწოდებს.