რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებისთვის, ირანს ახალი სანქციები ემუქრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ირანმა, რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რის გამოც, ოფიციალურ თეირანს სანქციებს დაუწესებენ.
ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ლონდონში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ახალი სანქციების დეტალები სამშაბათს გვიან გახდება ცნობილი. მისი თქმით, სანქციების ერთ-ერთი სამიზნე ირანული სახელმწიფო ავიახაზები Iran Air იქნება.
“ჩვენ ღიად ვაფრთხილებდით თეირანს, ჩვენ ვაფრთხილებდით თეირანს პირადადაც, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა საშიში ესკალაცია” - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების პარტია უკვე რუსეთშია და, დიდი ალბათობით, მათ უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში გამოიყენებენ.
ბრალდებებს უარყოფს ირანელი ოფიციალური პირები და აცხადებენ, რომ მათ რაკეტები რუსეთისთვის არ გაუგზავნიათ. ირანი კამიკაძე-დრონებს აწვდის რუსეთს, მაგრამ ამ დრომდე თავს იკავებდა უფრო ძლიერი იარაღის მიწოდებისგან, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, აშშ-ის და ევროპის მხრიდან სანქციების ახალი ტალღის შემოღება იყო.
სანქციების დაწესება დააანონსა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმაც.
3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების ფაქტი და მას “რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული დამპყრობლური ომის ესკალაცია და მხარდაჭერა” უწოდეს.
“ეს აქტი არის ესკალაცია როგორც ირანის, ისე რუსეთის მხრიდან და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას” - განაცხადეს მინისტრებმა.