აშშ-მ უკრაინისთვის გაზიარებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე შეზღუდვები მოხსნა
სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მასშტაბური შეტევის წამოწყების ფონზე აშშ-მ უკრაინისთვის გაზიარებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნა.
ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით შედგენილი წერილი გაუგზავნა ჯო ბაიდენს კონგრესის დაზვერვის კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა, მაიკ ტერნერმაც.
Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, შეზღუვების მოხსნა მიზნად ისახავს დაეხმაროს უკრაინას უფრო ეფექტურ თავდაცვაში და მისცეს მას სუვერენულ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნების საშუალება.
დაზვერვის კუთხით აშშ-ს და უკრაინას შორის უფრო ინტენსიურ თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ 14 აპრილს წერდა Wall Street Journal-იც.
მაშინ გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ აშშ უკრაინას გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ დონბასში მდებარე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.