აშშ რუსეთის "აგრესორ სახელმწიფოდ" აღიარებისთვის ემზადება

აშშ-ის კონგრესი ამუშავებს კანონპროექტს, რომელიც რუსეთს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს. შედეგად, ვაშინგტონი შეძლებს თავიდან აიცილოს რუსეთის "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" აღიარება.

ამის შესახებ The Hill ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, კანონპროექტის ტექსტი ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განიხილება. მისი მიღების შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტი შეძლებს რუსეთი და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. დოკუმენტი ბაიდენს ასევე საშუალებას მისცემს სანქციები დააწესოს ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც არის "პასუხისმგებელი ან ჩართული აგრესიაში".

ამავდროულად, კანონპროექტის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს დამატებები არასაჭიროა, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დააწესა სანქციები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ტერმინი "აგრესორი სახელმწიფო" უფრო სუსტად ჟღერს, ვიდრე ტერმინი "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო".

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, რომელთა სახელებს The Hill არ აკონკრეტებს, გამოცემას განუცხადეს, რომ აგრესორი სახელმწიფოს სტატუსი არ შეესაბამება მათ მოთხოვნას. უკრაინა რუსეთის "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" აღიარებას ითხოვს, მაგრამ კიევმა შეიძლება მხარი ამ ზომასაც დაუჭიროს, თუ ამას მოჰყვება "დასჯის დამატებითი ინსტრუმენტების" შემუშავება.

მსგავსი სიახლეები