აშშ-ს დაზვერვა: ავდიივკაზე იერიშის დროს რუსეთმა 13 ათასი ჯარისკაცი დაკარგა

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დასახლება, ავდიივკაზე იერიშის დაწყების შემდეგ რუსეთმა 13 ათასი ჯარისკაცი და 200-ზე მეტი საბრძოლო მანქანა დაკარგა. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ცნობით, საუბარია მოკლულების, დაკარგულებისა და მძიმე დაჭრილების ჯამურ რიცხვზე. 

ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ედრიენ უოტსონის თქმით, აღნიშნული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინელები მამაცურად და წარმატებულად. 

"მაგრამ რუსეთის დეტერმინირებულია, განაგრძოს იერიშის დანაკარგების მიუხედავად. სწორედ ამიტომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, რათა მათ შეინარჩუნოს ფრონტის ხაზი და დაიბრუნონ ტერიტორიები",- თქვა უოტსონმა. 

კონტექსტი 

12 დეკემბერს Wall Street Journal ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის დანაკარგებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 315 ათასს გადააჭარბა, რაც ომამდელი სახმელეთო საბრძოლოს დანაყოფების 87%-ს შეადგენს. 

ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნებაა - ეს მათ საშუალებას მისცემდა ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაეტანათ. გარდა ამისა, ავდიივკას მიმართულებით შეტევის დაწყებით რუსეთი ცდილობს უკრაინულ სარდლობას ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადმოსროლა აიძულოს. თავის მხრივ, ეს ზაპორიჟიასა და ბახმუტის ირგვლივ უკრაინული დანაყოფების პოტენციურ შესუსტებას გულისხმობს. 

ავდიივკას და მის შემოგარენს უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებს - ამ დროისთვის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით რაიონს წარმოადგენს. ქალაქ დონეცკის ამ სამრეწველო შემოგარენის აღებას რუსეთის არმია არაერთხელ ეცადა, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2017 წელსაც. 

სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ავდიივკასგან პრაქტიკულად ნანგრევებიღა დარჩა. უკრაინელი მებრძოლებს უპირატესობას აძლევს ქალაქში არსებული კოქსის მწარმოებელი კომბინატი - ეს ერთდროულად წარმოადგენს ЗСУ-ს საყრდენ პუნქტსა და ბაზას, რომლის პირდაპირი შტურმი ძალიან რთულია. 

ავდიივკის მიმართულებით მასირებული შტურმი რუსეთის არმიამ 10 ოქტომბერს დაიწყო. სხვადასხვა მონაცემებით იერიშში 4 ბრიგადა მონაწილეობდა. იერიშის საწყის ფაზაში რუსეთის დანაკარგები ფრონტის ამ მონაკვეთზე ხუთჯერ გაიზარდა

დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის არმიას აქვს გარკვეული წინსვლაც, მათ შორის მათ დაიკავეს ტერიკონის სახელით ცნობილი ტაქტიკურად მნიშვნელოვანი სიმაღლე. 

27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო არმიამ დაიკავა ავდიივკის სამხრეთში მდებარე ე.წ. ინდუსტრიული ზონა. 

გამოცემა Важные истории-ს ცნობით, რუსეთის არმიამ მიიღო ბრძანება დაიკავოს ავდიივკა პუტინის პირდაპირ ეთერამდე, რომელიც ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები