აშშ-ს დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება - NYT
აშშ-ს დაზვერვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაყოფების მდებარეობის შესახებ, რამაც უკრაინელებს საშუალება მისცა გაენეიტრალებინათ რამდენიმე რუსი გენერალი.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ საუბარია საიდუმლო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში გაზიარებას.
უკრაინისთვის გადაცემული სადაზვერვო ინფორმაცია მოიცავს საოკუპაციო ძალების გადაადგილების მარშრუტს, რაზეც თავის მხრივ დონბასში რუსეთის გენშტაბის მოქმედების გეგმის ანალიზიდან არის დადგენილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ამ დრომდე მოკლულია 12-მდე რუსი გენერალი, თუმცა ამ ციფრზე კომენტარს არ აკეთებენ პენტაგონში.
გამოცემის ცნობით, აშშ უკრაინას აწვდის სხვა სახის სადაზვერვო ინფორმაციასაც, რუსი სამხედროების მობილურ შტაბზე, რომელიც ხშირად იცვლის ბაზირების წერტილს.
სავარაუდოა, რომ ამერიკელებისგან მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარ გეოლოკაციასთან და გადაჭერილ საუბრებთან გააერთიანეს, რამაც საშუალება მისცათ მიეტანათ საარტილერიო და სხვა ტიპის შეტევები რუსი ოფიცრების თავშეყრის ადგილებში.
კონკრეტულად უცნობია თუ როგორ და რა მეთოდებით გროვდება ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ხელმძღვანელობის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა სავარაუდოა, რომ გამოყენებული იყო როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სატელიტური დაზვერვის საშუალებები.
ამავდროულად, გამოცემასთან საუბარში აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ისინი არ აწვდიან უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთის უმაღლესი სამხედრო სარდლობის ადგილსამყოფელის შესახებ, კერძოდ საუბარია გენშტაბის ხელმძღვანელ, ვალერი გერასიმოვზე.
ამავდროულად, აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა მაღალი თანამდებობის პირების ლიკვიდაციის დაგეგმვაში.
მიმდინარე კვირას დადასტურდა უკრაინელების წარმატებული შეტევა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტზე ქალაქ იზიუმში. შეტევის შედეგად მოკლულია 200 ოკუპანტი და 1 გენერალი.
შეტევამდე ცოტა ხნით ადრე ამ სამეთაურო პუნქტს პირადად სტუმრობდა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი, რომელიც საიდუმლო ვიზიტით გასულ კვირას უკრაინაში იმყოფებოდა.