აშშ თვლის, რომ ირანს ჯერ არ მიუღია ბირთვული იარაღის შექმნის გადაწყვეტილება - Reuters
შეერთებული შტატები კვლავ თვლის, რომ ირანს არ აქვს გადაწყვეტილი საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნა.
ეს ინფორმაცია Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისა და ეროვნული დაზვერვის დირექტორის (ODNI) ოფისის კომენტარებს დაემატა CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის საჯარო განცხადებები, რომელიც ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებს არ უნახავს რაიმე მტკიცებულება, რომ ირანის ლიდერმა შეცვალა თავისი 2003 წლის გადაწყვეტილება შეაჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა.
"ჩვენ ვაფასებთ, რომ უზენაესმა ლიდერმა (აიათოლა ხამენეი - რედ.) არ მიიღო გადაწყვეტილება განაახლოს ბირთვული იარაღის პროგრამა, რომელიც ირანმა 2003 წელს შეაჩერა," - თქვა ODNI-ს სპიკერმა.
დაზვერვის შეფასება შეიძლება ხსნიდეს აშშ-ის წინააღმდეგობას ისრაელის ნებისმიერი თავდასხმის მიმართ ირანის ატომურ ობიექტებზე, გასულ კვირაში განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ.
თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს ისრაელის თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მაგრამ არ განუმარტავს, რატომ მივიდა ამ დასკვნამდე.
აშშ-ის ოფიციალური პირები დიდი ხანია აღიარებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მცდელობა მხოლოდ შეაფერხებს ბირთვული ბომბის შექმნის ძალისხმევას და კიდევ უფრო გააძლიერებს თეირანის ნებას ამ მიმართულებით.
1 ოქტომბერს ირანმა ისრაელისკენ 180 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ისრაელის საჰერო თავდაცვამ, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, რაკეტების დიდი ნაწილი ჩამოაგდო.
თეთრმა სახლმა მაშინ განაცხადა, რომ თეირანი სერიოზულ პასუხს მიიღებს ისრაელზე მისი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის.