აშშ-ს საჰაერო ძალებმა ალასკის თავზე კიდევ ერთი აეროსტატი ჩამოაგდეს
აშშ-ს საჰაერო ძალებმა ალასკის თავზე კიდევ ერთი აეროსტატი ჩამოაგდეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა საფრენი აპარატი.
ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯონ კირბიმ განაცხადა.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი თავდაცვის ძალებმა ალასკის თავზე საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. საფრენი აპარატი წარმოადგენდა არსებით საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის. უსაფრთხოების ზომებისა და პენტაგონის რეკომენდაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა სამხედროებს საფრენი აპარატის ჩამოგდების ბრძანება მისცა, რაც მათ გააკეთეს. ნამსხვერევები ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა. საფრენი აპარატი უკანასკნელი 1 საათის განმავლობაში ჩამოაგდეს",- განაცხადა ჯონ კირბიმ.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მათ არ იციან თუ ვის ეკუთვნოდა საჰაერო აპარატი და რომ დღეს ჩამოგდებული აპარატი ბევრად უფრო მცირე ზომის იყო, ვიდრე გასულ კვირას, ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოგდებული ჩინური სადაზვერვო ბუშტი.
კონტექსტი
4 თებერვალს აშშ-ს საჰაერო ძალებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური ზონდი ჩამოაგდეს.
სწორედ ამ სათვალთვალო მფრინავი ბუშტის გამო გადადო ვიზიტი სახალხო რესპუბლიკაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა მომხდარს უპისუხისმგებლო საქციელი უწოდა.
ამერიკული მხარის ცნობით, ჩინური აეროსტატმა, რომელიც პირველ თებერვალს აღმოაჩინეს ჯერ ალიასკის და კანადის თავზე გაიარა, ხოლო შემდეგ შტატ მონტანას თავზე გაჩერდა. ამ შტატში აშშ-ს სტრატეგიული შეიარაღების არაერთი ობიქტია განლაგებული.
ჩინეთის რეაქცია
ჩინეთი დიდხანს უარყოფდა აეროსტატის ამბავს, თუმცა საბოლოოდ 3 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ ზონდი სწორედ მათ ეკუთვნით.
უწყებაში მომხდარი იმით განმარტეს, რომ აეროსტატი სამოქალაქო დანიშნულებისაა, ხოლო აშშ-ს საჰაერო სივრცეში უნებურად "დასავლეთიდან წამოსული ქარის გამო აღმოჩნდა."
პენტაგონის წარმომადგენლის, პატრის რეიდერის თქმით, ზონდი ამერიკელმა სამხედროებმა დროულად შეამჩნიეს და მიიღეს საჭირო ზომები კონფედენციალობის შესანარჩუნებლად.