ავსტრია ევროკავშირის სანქციების პაკეტში Nord Stream 2-ის დამატებას ეწინააღმდეგება
ავსტრია ეწინააღმდეგება Nord Stream 2-ის გაზსადენის სანქციების პაკეტში დამატებას, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში აპირებს.
გაზსადენზე სანქციის დაწესების, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომაზე მსჯელობა აზრსმოკლებულად მიმაჩნია, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა.
მიუხედავად ოპოზიციისა, ვენა გაზსადენისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირში არსებულ „კონსენსუსს მხარს დაუჭერს“, - ამბობს შალენბერგი სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.
27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში ეკონომიკური სანქციების ასამოქმედებლად ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
ავსტრიული ნავთობ-კომპანია OMV, რომლის 31,5 %-ს ავსტრიის მთავრობა ფლობს, Nord Stream 2-ის პროექტში რუსული გაზპრომის ერთ-ერთი პარტნიორია.
ავსტრია ბუნებრივი აირის 80 %-ს რუსეთიდან იღებს.
Nord Stream 2-ი რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან პირდაპირი გზით აკავშირებს და კრემლს საშუალებას მისცემს, გაზი ევროპას უკრაინის შუამავლობის გარეშე მიაწოდოს.
გაზსადენის სერტიფიცირება, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, გასულ წელს გერმანიის ფედერალურმა ენერგორეგულატორმა „ტექნიკური ხარვეზის გამო“ შეაჩერა.
7 თებერვალს გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რომ გაზსადენი არ ამოქმედდეს.
ბერლინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში Nord Stream 2-ისთვის შეზღუდვების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა და მას "კერძო სექტორის პროექტად" მოიხსენიებდა, უკრაინაში რუსული ინტერვენციის შემთხვევაში გაზსადენის სანქციების ქვეშ მოხვედრას არ გამორიცხავს.
Nord Stream-ის საგა: ქრონოლოგია
- გერმანიის რეგულატორი Nord Stream 2-ის ამუშავებას მინიმუმ 6 თვე გამორიცხავს
- NORD STREAM 2-ის ოპერატორმა გერმანული ფილიალი გახსნა
- გერმანიამ NORD STREAM 2 გაზსადენის ლიცენზირების პროცესი შეაჩერა
უფრო ვრცლად:
- გაზისა და ნავთობის გეოპოლიტიკა – ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე
- პუტინი ევროპის ენერგოკრიზისზე ხელს ითბობს. როგორ?