გერმანიის რეგულატორი Nord Stream 2-ის ამუშავებას მინიმუმ 6 თვე გამორიცხავს

 

გერმანიის ფედერაციული ქსელური სააგენტოს ხელმძღვანელმა იოხენ ხომანმა გაზპრომის მილსადენის, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების საკითხზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Frankfurter Allgemeine Zeitung ავრცელებს.  

ხომანის თქმით, გაზსადენის სერტიფიცირება როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში გამორიცხულია. გაზსადენის სერტიფიცირებისთვის აუცილებელ წინაპირობას გერმანიაში შვილობილი იურიდიული პირის დაფუძნება წარმოადგენდა.

ამის მიუხედავად, ხომანის თქმით, ახალი კომპანიის შესახებ მონაცემები შეტანილია გერმანიის რეესტრში, თუმცა გერმანული მხარე მომდევნო ნაბიჯებს ელის. 

რუსული გაზსადენის ოპერატორს სპეციალურად გერმანიის მონაკვეთისთვის უნდა დაეფუძნებინა ცალკე იურიდიული პირი. ამას ევროკავშირის კანონმდებლობა ითხოვს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი აირის მომწოდებელი და გაზსადენის ოპერატორი სხვადასხვა კომპანია უნდა იყოს. 

სერტიფიცირების მოთხოვნა Nord Stream 2-ის წარმომადგენლებმა გასულ წელს შეიტანეს, თუმცა პროცესი ნოემბერში შეჩერდა. ამის მიზეზად კი გაზსადენის გერმანულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა დასახელდა. 

გაზპრომის მილსადენი ამ დრომდე ამერიკული სანქციების საფრთხის ქვეშაა. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემთხვევაში გაზსადენის სანქცირებას არ გამორიცხავენ გერმანიაშიც.

მსგავსი სიახლეები