ავსტრია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები Nord Stream 2-საც შეიძლება მოიცავდეს.
"საჭიროა მკაფიო პოზიცია და ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს სანქციებს, მათ შორის Nord Stream 2-ზე", - თქვა სობოტკამ გერმანიის დედაქალაქში ვიზიტისას.
ბოლო დღეებში ევროპაში ავსტრიას განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება მხარს არ უჭერს რუსეთის ქმედებების გაზსადენთან დაკავშირებას.
ავსტრიის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია Nord Stream 2-ის პროექტის უკან მდგარი კონსორციუმის წევრია.
რამდენიმე დღის წინ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თქვა, რომ სანქციები გაზსადენს არ მოიცავდა და ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე მიანიშნა.
"ჩვენ ამას ერთ დღეში ვერ შევცვლით, თუ გათბობა და ელექტროენერგია გვსურს", - თქვა მან. თუმცა, გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერვენციას ეკონომიკური სანქციები მოჰყვება.
ავსტრია ნატოს წევრი არ არის და 1955 წლიდან ნეიტრალური სახელმწიფოა.