რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიელი დიპლომატი გააძევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ავსტრიის საელჩოს ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რომელმაც 18 აპრილს, დღის ბოლომდე უნდა დატოვოს ქვეყანა. შესაბამისი ნოტა ავსტრიის ელჩს ვერნერ ალმჰოფერს 11 აპრილს გადაეცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მას ასევე მწვავე პროტესტი გამოუცხადეს ვენაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ერთი ავსტრიელი დიპლომატის გაძევებაზე "საპასუხო ზომები არ არის ამოწურული."
13 მარტს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა "მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო." ეს ფორმულირება ჩვეულებრივ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ჯაშუშობას.
2023 წლის თებერვალში ვენამ უკვე გააძევა ოთხი რუსი დიპლომატი. გარდა ამისა, ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან 2022 წლის აპრილში გააძევეს, როგორც ევროკავშირის კოორდინირებული პასუხის ნაწილი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე.