Axios: აშშ ისრაელის არმიის ერთ-ერთი დანაყოფისთვის საქნციების დაწესებას გეგმავს

უახლოეს დღეებში სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის არმიის ერთ-ერთი დანაყოფისთვის სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საუბარია ბატალიონ Netza Yehuda-ზე, მიზეზი კი ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა უფლებების სისტემატური დარღვევაა. 

ეს ამერიკის მხრიდან ისრაელის არმიის დანაყოფის დასანქცირების პირველი შემთხვევა იქნება. 

წყაროების ცნობით, სანქციების შედეგად ბატალიონი ვეღარ მიიღებს ვერანაირ დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მსგავსი გადაწყვეტილება კი 1997 წელს სენატორ პატრიკ ლიჰის მიერ ინიცირებული აქტია, რომელიც კრძალავს ამერიკული ფინანსებისა და ან სხვა პროგრამების მიმართვას უცხო ქვეყნებს იმ ძალოვან შენაერთებში, რომლებიც დაკავშირებულები არიან ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებთან. 

გასულ კვირას Propublica-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დასავლეთ ნაპირზე შექმნილ ვითარებას თვეების განმავლობაში სწავლობდა ისრაელის არმიის და პოლიციის რამდენიმე დანაყოფის სანქცირების რეკომენდაცია გასცა. 

იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სწორედ კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაეყრდნობა და მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

ბლინკენის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინციდენტებზე დაყრდნობით, რომლებიც 7 ოქტომბრამდე მოხდა.

Netza Yehuda ულტრა-ორთოდოქსების მიერ დაკომპლექტებული ბატალიონია, რომლის ყველა წევრიც კაცია. წლების განმავლობაში დასავლეთ ნაპირზე ბაზირებული ბატალიონმა ბევრი რადიკალი მოახალშენე მიიზიდა, რომლებიც მათი ექსტრემისტული განწყობების გამო არცერთ სხვა დანაყოფში არ მიიღეს. 

აღნიშნული ბატალიონის წინააღმდეგ გამოძიება აშშ-ში 2022 წლის მიწურულს დაიწყო. გასულ თვეებში ბატალიონთან დაკავშირებული არაერთი სკანდალის შემდეგ, არმიის ხელმძღვანელობამ დანაყოფი გოლანის სიმაღლეებზე გადაისროლა. 

"ისრაელის არმიისთვის სანქციების დაწესება დაუშვებელია, ეს აბსურდის პიკი და მორალური სიმდაბლეა",- განაცხადა ბიბი ნეთანიაჰუმ სახელმწიფო დეპარტამენტის გეგმებთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები