Axios: რეჟიმის ცვლილება ისრაელის ოპერაციის არაოფიციალურ მიზნად ტრანსფორმირდა

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმატებული საწყისი ფაზის შემდეგ ისრაელის ავიაცია სრულად დომინირებს ცაში, ხოლო მისი ლიდერები სულ უფრო ხმამაღლა განიხილავენ რეჟიმის ცვლილების იდეას. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - ამასთანავე მასალაში აღნიშნულია, რომ რეჟიმის ცვლილების თაობაზე ვაშინგტონსა და თელ-ავივის პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. 

  • გასული 48 საათის განმავლობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმეჯერ საჯაროდ მიანიშნა მსგავსს შესაძლებლობაზე, თუმცა წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი ასეთი განვითარების წინააღმდეგ გამოდის. 

  • ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დასავლური მედიის ცნობით, გასულ უქმეებზე, როდესაც ისრაელის მთავრობა ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაციის განიხილავდა, ამას პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგობა მოჰყვა. 

  • "ეს არის ვითარება, როდესაც აიათოლას წინააღმდეგ, რომელსაც უკვე იცნობ არის აიათოლა, რომელზეც არაფერი იცი"- ამბობს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი. 

  • ამასთანავე, წყარო არ გამორიცხავს, რომ მოვლენათა განვითარების ფონზე შეიცვალოს დონალდ ტრამპის პოზიციაც - "მას ყოველთვის შეუძლია დიდი ნაბიჯის გადადგმა."

Big Picture: გასული ღამით, დონალდ ტრამპმა თეირანის 10 მილიონ მაცხოვრებელს სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა, თუმცა ამასთანავე ამერიკელი პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალურია. 

  • რაც შეეხება სამხედრო ოპერაციაში პირდაპირ ჩართულობას წყაროების ცნობით, ამგვარ განვითარებას თეთრი სახლი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ირანი რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტევს. 

  • ისრაელის არმიის მაღალჩინოსნები Axios-სთან საუბარში ამბობენ, რომ რეჟიმის ცვლილება არ არის მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ოფიციალური მიზანი. 

  • "ეს არ არის ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ არმიისა და დაზვერვისთვის გაცემულ დავალებებსა და ბრძანებებს შორის, ძალოვან უწყებებს პოლიტიკურ დონეზე მსგავსი ბრძანება არ მიუღიათ"- ამბობს ერთ-ერთი მათგანი. 

  • თუმცა, საუბრები ირანში რეჟიმის ცვლილების შესახებ ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში სულ უფრო აქტიურად და ხმამაღლა მიმდინარეობს. 

Сontext: 14 ივნისს Fox News-თან ინტერვიუში ბიბი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მიმდინარე ოპერაცია შესაძლოა ირანის რეჟიმის ცვლილებით დასრულდეს. უკვე 15 ივნისს ABC-სთან საუბარში ისრაელის პრემიერმა უარყო მოსაზრება, რომ ხამენეის მკვლელობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევდა და განაცხადა, რომ ეს პირიქით, ბოლოს მოუღებდა ომს. 

  • "ეს ძალიან, ძალიან სუსტი რეჟიმია, რომელსაც ესმის თუ რამდენად სუსტია, ჩვენ შესაძლოა ირანში ძალიან ბევრი ცვლილება ვიხილოთ"- განაცხადა 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ. 

  • ამ კონტექსტში ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ ვერავინ ივარაუდებდა საბჭოთა კავშირის, ან თუნდაც ასადის სირიის დამხობას. 

Go Deeper: თეთრ სახლში ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელის გაცხადებულ მიზანს - ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებას, მაგრამ არა უფრო მასშტაბურ მისიას ირანში პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

  • "შესაძლოა ებრაელები უფრო კომფორტულად უყურებენ რეჟიმის ცვლილების პერსპექტივას ირანში, ვიდრე ჩვენ, შესაძლოა მათ ნაკლებ დისკომფორტს ჰგვრიდეს მთელი ქვეყნის განადგურება, ვიდრე ჩვენ"- ამბობს წყარო ტრამპის ადმინისტრაციიდან. 
  • ამასთანავე, ისრაელის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე ირანში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები არ გამართულა. 

  • "ამ დროისთვის რეჟიმი ინარჩუნებს ერთიანობას საგარეო საფრთხის წინაშე. უსაფრთხოების ნაწილში განცდილმა ჩავარდნამ გააღრმავე ირანელების უნდობლობა რეჟიმის მიმართ, მაგრამ დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების კადრები, აძლიერებს ეროვნული სოლიდარობის განცდას"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ირანის ექსპერტი, რაზ ზიმიტი. 

 

მსგავსი სიახლეები