აზოვსტალის მცველების სანაცვლოდ უკრაინამ რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა

"დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი სამშობლოში დაბრუნდნენ”- წერს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი იური ბუტუსოვი. 

არსებული ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების მორიგ გაცვლას ჰქონდა ადგილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აზოვსტალის მცველების სანაცვლოდ უკრაინამ რუსეთს პრორუსი ოლიგარქი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი, ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა. 

გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდა უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის კაპიტანი, სერგეი ვალინსკი, რომელიც აზოვსტალის ინდუსტრიულ ზონას მარიუპოლში აზოვის ბატალიონის მებრძოლებთან ერთად იცავდა. 

კონტექსტი

ვიქტორ მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, არსებული ცნობებით ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკი უმცროსი ქალიშვილის ნათლია. 

ომის დაწყებამდე მედვედჩუკი ქვეყნის უმსხვილეს პრორუსულ პარტიას ხელმძღვანელობდა. გასულ წელს უკრაინის პროკურატურამ მედვედჩუკის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმე გახსნა. 

ომის დაწყების მომენტში მედვედჩუკი შინა პატიმრობას იხდიდა და მოსამართლის განჩინების დარღვევით 24 თებერვალს სახლიდან გაუჩინარდა. 

მედვედჩუკი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აპრილში დააპატიმრეს. 

 

მასალა განახლებადია. 

 

მსგავსი სიახლეები