ბაიდენი ამერიკელებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ამერიკის მოქაქეებმა უკრაინა უკვე უნდა დატოვონ. ჩვენ არ გვაქვს საქმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მაგრამ საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიაზე. ეს სხვა რამეს წარმოადგენს და ვითარება შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს კონტროლიდან",- თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა, სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რომელშიც მოუწოდებდა ამერიკის მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ უკრაინაში ვიზიტისგან.
რაც შეეხება უკვე უკრაინაში მყოფ ამერიკელებს საგარეო უწყება მოუწოდებს თავიანთ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყნის ტერიროტია კერძო ან კომერციული ტრანსპორტით.
"თუ თქვენ დარჩებით უკრაინაში, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. არსებობს მღელვარების, არეულობის და საბრძოლო მოქმედებების საშიშროება რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან. უკრაინის ზოგიერთი რაიონი, გაზრდილი რისკის ზონაში შედის",- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რა შემთხვევაში განიხილება უკრაინაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა, ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. "თუ ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება",- თქვა ბაიდენმა.
ჯერ კიდევ იანვარში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა უკრაინის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია დაიწყო.