ბაიდენი არაბული ქვეყნების ლიდერებს: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა

ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არ წავა ახლო აღმოსავლეთიდან, რათა მისი წასვლით დატოვებული ვაკუუმი ჩინეთმა და რუსეთმა არ შეავსოს. 

აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნული განცხადება საუდის არაბეთში გამართულ არაბული ქვეყნების სამიტზე გაავრცელა, რომელსაც 9 არაბული ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. 

"აშშ კვლავ რჩება აქტიურ და საიმედო პარტნიორად ახლო აღმოსავლეთში. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან რთული და კომპლექსურია და ამ ფონზე ჩემთვის კიდევ უფრო ნათელია თუ მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-ს ინტერესები ახლო აღმოსავლეთის წარმატებასთან",- თქვა ამერიკელმა პრეზიდენტმა. 

აღნიშნულ სამიტში მონაწილეობდნენ: საუდის არაბეთის, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, გაერთიანებული საამიროების, იორდანიისა და ეგვიპტის ლიდერები. 

ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა ირანის საფრთხეზე და განაცხადა, რომ აშშ გააკეთებს ყველაფერს რათა დარწმუნდეს, ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული შეიარაღება. 

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა არაერთი რეპრესიული არაბული სახელმწიფოს ლიდერს დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ბაიდენის თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება გააკრიტიკონ მთავრობა და ამის გამო არ უნდა ისჯებოდნენ. 

"მომავალში გაიმარჯვებენ ის ქვეყნები, რომლებიც სრულად გამოავლენენ და აითვისებენ თავიანთი მოქალაქეების სრულ პოტენციალს",- თქვა ბაიდენმა. 

სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენი პირველად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს და ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერს, მოჰამად ბინ სალმანს. შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების კუთხით მომდევნო კვირებში არაბი პარტნიორებისგან შემდგომ ნაბიჯებს ელის. 

კონტექსტი

საუდის არაბეთში ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში ჯო ბაიდენის 4-დღიანი ტურნეს მნიშვნელოვანი ნაწილია - ტურნეს ფარგლებში აშშ-ში პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა ისრაელში, სადაც პრემიერ იაირ ლაპიდს და პალესტინური ადმინისტრაციის უფროსს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. 

ბაიდენის ჩასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი გახსნის საჰაერო სივრცეს ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილია წითელ ზღვაში მდებარე ორი კუნძულიდან საერთაშორისო დამკვირვებელთა კონტინგენტის გაყვანა. 

საუბარია კუნძულებზე ტირანი და სანაფირი, რომელიც ისრაელმა ეგვიპტეს 6-დღიანი ომის დროს წაართვა, მხარეებს შორის 1979 წელს გაფორმებული კემპ-დევიდის შეთანხმებებით ისრაელმა კუნძულები ეგვიპტეს დაუბრუნა, თუმცა ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეობის ქვეშ - კუნძულები ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აკაბის პორტის მახლობლად მდებარეობს, საიდანაც მარტივად შეიძლება საზღვაო ვაჭრობის შეფერხება. 

ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლური ტურნეს შესახებ უფრო მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენს პოდკასტს არასაფრენი ზონა. 

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ახალი მიდგომის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას. 

მსგავსი სიახლეები