ბაიდენი: ჩინეთი და რუსეთი კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საკმარისს არ აკეთებენ

 

„დიდი ოციანის“ სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთს და რუსეთს კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად კონკრეტული ვალდებულებები არ უკისრიათ.

„ იმედგაცრუებული ვარ... [კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად] უფრო მეტია საჭირო. იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, თუ რას არ აკეთებს ამისთვის ჩინეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი“ - თქვა ბაიდენმა.

რომში გამართულ ორდღიან მასშტაბურ ყრილობაზე მსოფლიო ლიდერებმა სათბური აირების გატყორცნის (ემისიის) შემცირებასა და გლობალური კლიმატის ცვლილების შეჩერების ზომებზე იმსჯელეს.

„დიდი ოციანის“ ლიდერების საერთო კომუნიკეში არაფერია ნათქვამი, თუ რომელი ქვეყანა რა კონკრეტულ მიზნებს დაისახავს.

ჩინური სამთავრობო მედიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ უფრო მდიდარმა ქვეყნებმა მეტი ტვირთი უნდა იკისრონ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი კლიმატის სფეროში ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს. „გლობალური დათბობის შედეგად რუსეთს ცუდი დღე დაადგება, ბუნებრივია, კლიმატის ცვლილების სტაბილიზაციის ძალისხმევაში მონაწილეობას მივიღებთ“ - თქვა პუტინმა.

 


ბოლო რამდენიმე დღეა, რაც გლაზგოში გაეროს ეგიდით COP26 - კლიმატის ცვლილების სამიტი - იმართება, სადაც მსოფლიო ლიდერები კვლავ კლიმატის ნორმალიზაციის კონკრეტულ ზომებს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები