ბაიდენი: ჩინეთს ესმის რუსეთის დახმარებას რა შედეგები მოჰყვება
ჩინეთს ესმის უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების პოტენციური შედეგები. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა 24 მარტს ნატოს საგანგებო სამიტის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენმა თქვა, რომ გასულ კვირას "საკმაოდ გულწრფელი საუბარი" ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.
"მე მკაფიოდ განვაცხადე - მე არ დავემუქრე, მაგრამ ნათლად განვაცხადე - რა შედეგები მოჰყვება რუსეთის დახმარებას. ჩემგან არანაირი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ ვთქვი, რომ უამრავმა ამერიკულმა და უცხოურმა კორპორაციამ შეწყვიტა მუშაობა რუსეთში მისი ბარბაროსული ქცევის გამო [უკრაინაში]", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მან სი ძინპინს შეახსენა მისი წინა განცხადებები დასავლეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ.
"მე აღვნიშნე, რომ ის სერიოზულად საფრთხეს უქმნის ამ მიზნებს, თუ ის რეალურად წინ წავა [რუსეთის დახმარებაზე]", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ სურს კომენტარი გააკეთოს ჩინეთის გეგმების დეტალებზე, რაც ვაშინგტონისთვის ამ საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
"ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკური მომავალი ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის არ ჩაერევა", - თქვა ბაიდენმა.