ბაიდენი ნატოს სამიტის შემდეგ ფინეთს ეწვევა და ჩრდილოეთ ევროპელ ლიდერებს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 13 ივლისს ფინეთს ეწვევა, რათა აშშ-სა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტს დაესწროს.
ეს ინფორმაცია კვირას ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ფინეთში, აშშ-სკანდინავიური ლიდერების სამიტზე, 2023 წლის 13 ივლისს უმასპინძლებს.
ნიინისტესა და ბაიდენის გარდა, სამიტში მონაწილეობას შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ნორვეგიის პრემიერი იონას გარ სტიორე, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი და ისლანდიის პრემიერი კატრინ იაკობსდოტირი მიიღებენ.
შეხვედრის მთავარი საკითხები სკანდინავიის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნოლოგიების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობაა.
"ეს არის სკანდინავიის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ლიდერების მესამე შეხვედრა. წინა სამიტები გაიმართა სტოკჰოლმში 2013 წელს და ვაშინგტონში 2016 წელს. მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებთ ჩვენ დისკუსიას, ამჯერად ჰელსინკში," - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სამიტის დაწყებამდე ნიინისტე ბაიდენთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
ჰელსინკის სამიტი 11-12 ივლისს ვილნიუსში, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ დაიწყება.