ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით 20 მლნ ვაქცინას გაგზავნის საზღვარგარეთ - ჯამში 80 მლნ დოზას
"ივნისის ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი დამატებით 20 მილიონ კორონავირუსის ვაქცინას გაუგზავნის სხვა ქვეყნებს", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯენ პსაკიმ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამერიკა სხვა ქვეყნებს გაუგზავნის Pfizer-ის, Moderna-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს. ადმინისტრაციამ აქამდე განაცხადა, რომ აპირებდა 60 მილიონი AstraZeneca-ს ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის ჩუქებას, რომელსაც არ აქვს აშშ-ს მარეგულირებლის ავტორიზაცია.
პსაკის განცხადებით, ერთი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნებისთვის 80 მილიონი ვაქცინის დოზის დონაცია რეკორდული რიცხვია.
მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რომელ ქვეყნებზე განაწილდება AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონი დოზა. გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მას შემდეგ მიიღებს, რაც ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ადმინისტრაცია ვაქცინას ავტორიზებას მისცემს.
ამერიკაში ვაქცინების მიწოდებამ მოთხოვნას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.