ბაიდენის უშიშროების მრჩეველი ისრაელს ეწვევა

 

აშშ-ს პრეზიდენტის უშიშროების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ოთხშაბათს ისრაელის პრემიერს, ნაფტალი ბენეტს შეხვდება.

სალივანის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აშშ-ისრაელის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ირანის ბირთვულ შეთანხმებას ეძღვნება.

თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბაიდენის მრჩეველი ებრაულ მხარეს ვენაში ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს გააცნობს.

ისრაელის მთავრობა შეშფოთებულია, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა თეირანთან დროებითი შეთანხმება გააფორმოს, რაც ირანელებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სანქციების მოხსნასთან ერთად, შეინარჩუნონ უკვე გამდიდრებული (60 %-მდე) ურანის მარაგები.

სალივანი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან, საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდთან და თავდაცვის მინისტრ ბენი განცთან.

მოგვიანებით, სალივანი პალესტინის ადმინისტრაციულ ცენტრ რამალაში ვიზიტს და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრას აპირებს.

 


29 ნოემბერს ვენაში ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები განახლდა, რომელშიც ირანი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი მონაწილეობენ. 

2015 წელს გაფორმებული შეთანხმება დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნით გამოყენებაზე უარს იტყოდა და ატომურ ენერგეტიკას საერთაშორისო ინსპექციას დაუქვემდებარებდა.

2018 წელს აღნიშნული შეთანხმება პრეზიდენტმა ტრამპმა დატოვა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კი ხელშეკრულებაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

 

მსგავსი სიახლეები