ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად $37 მილიარდის გამოყოფა სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს გააგრძელოს თანხების გამოყოფა უკრაინის დასახმარებლად და COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამის შესახებ მან 29 ნოემბერს კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და მომავალი სპიკერი კევინ მაკკარტი.

ეს შუალედური არჩევნების შემდეგ ბაიდენის პირველი შეხვედრა იყო კონგრესში ორივე პარტიის ლიდერებთან.

USA Today-ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესს 37 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა უკრაინის გადაუდებელი დახმარებისთვის და 9.25 მილიარდი დოლარი COVID-19-ის შესაძლო ზამთრის ტალღისთვის.

ბაიდენმა რესპუბლიკელებს განუცხადა, რომ ის და მისი პარტია მზად არიან მოისმინონ მათი შეხედულებები.

მსგავსი სიახლეები