ბალტიის ზღვაში რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად პირველი წვრთნები ჩატარდება
გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში მალე სამხედრო წვრთნები დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას 30-მდე გემი და სამი ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს. სწავლების სცენარში რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე პასუხია გაწერილი.
ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
"ძლიერი შეკავება თავდასხმის უნარსაც უნდა მოიცავდეს." - თქვა მან.
სწავლება Northern Coasts 9 სექტემბერს დაიწყება და ორ კვირას გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობას ბალტიის ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ჯარები, ორგანიზაციის მომავალი წევრი შვედეთი, ასევე შეერთებული შტატები, კანადა, ნიდერლანდები, ბელგია და საფრანგეთი მიიღებენ.
სწავლება სადესანტო ოპერაციებსა და ზღვიდან ხმელეთზე დარტყმებს მოიცავს.
აშშ-ის საზღვაო ფლოტი სწავლებაში Mesa Verde-ს, 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს გაგზავნის, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანას და მათ დესანტირებას შეძლებს.
წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო გზების დაცვა იქნება, რადგან, კააკის თქმით, სუვალკის დერეფნის ჩაკეტვის შემთხვევაში, ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს მხოლოდ საზღვაო მარშრუტები ექნებათ.
ეს ამ მასშტაბის პირველი მანევრები იქნება, რომელსაც გერმანიის საზღვაო ძალები მისი ახალი საზღვაო შტაბიდან (როსტოკში. - რედ.) ხელმძღვანელობს.