Bayraktar-ის მწარმოებელმა უკრაინაში ქარხნის მშენებლობა დაიწყო
თურქულმა კომპანია Baykar-მა უკრაინაში Bayraktar-ის დამრტყმელი დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ამ ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი ავრცელებს.
"ქარხანის მშენებლობა რეალურად დაიწყო და არა მხოლოდ მემორანდუმით. ეს არის ზუსტად ის დიდი Bayraktar-ის ქარხანა, რომელზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით, მერე იყო შეფერხებები, სკანდალები. დღეს ამ ქარხნის მშენებლობა იწყება. ჩვენ რეალურ ნაბიჯებზე გადავედით," - განაცხადა მან.
8 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან შესაძლებლობების განვითარების შესახებ ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ითვალისწინებს.
კამიშინის თქმით, საუბარია სხვა ინდუსტრიებზეც, რომლებზეც საუბარი ჯერ არ შეუძლია.
ივნისში თურქულმა კომპანია Baykar-მა Bayraktar TB2-ისა და Akıncı-ის დრონების უკრაინაში წარმოებისთვის ხელისუფლებისგან ლიცენზიები მიიღო.
მანამდე Baykar უკრაინაში დარეგისტრირდა და სამშენებლო მიწის ნაკვეთი შეიძინა.