ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბაბარიკო საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო კოლონიიდან ნოვოპოლოცკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს.
"მეგობრებო. გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ვიქტარ ბაბარიკო ნოვოპოლოცკის საავადმყოფოშია. ჩვენ მოვახერხეთ ამ ინფორმაციის დადასტურება. სამწუხაროდ, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია", - ნათქვამია პოლიტიკოსის ტელეგრამის არხზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბაბარიკოს მხარდამჭერებმა ასევე განაცხადეს, რომ ბაბარიკოს 2 თვეა წერილები არ მიუღია. ბოლო დროს ის მუდმივად საკანში იყო.
ბაბარიკოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ზოგიერთი ცნობით, ის სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოში ბაბარიკო ვერც კი იცნეს, ვიდრე პაციენტის გვარი არ ნახეს.
ნოვოპოლოცკის საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ ბაბარიკო ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
კონტექსტი
ვიქტორ ბაბარიკო "ბელგაზპრომბანკის" ყოფილი ხელმძღვანელია. ის 2020 წლის ივნისში დააკავეს. შემდეგ ბანკირი საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებას ცდილობდა. ბაბარიკოს დაკავებამდე სამი დღით ადრე, ხელისუფლებამ "ბელგაზპრომბანკზე" კონტროლი დაამყარა და თაღლითობის ბრალდებით ბანკის ხელმძღვანელობა დააკავა, მათ შორის, ბაბარიკოს შვილიც.
2021 წლის 6 ივლისს, ბაბარიკოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დიდი რაოდენობით ქრთამის აღების და ფულის გათეთრების საქმეებზე.
Amnesty International-მა ვიქტორ ბაბარიკო და ამ საქმის სხვა ბრალდებულები სინდისის პატიმრებად აღიარა.