ბელგოროდის გუბერნატორი: რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა
22 მაისს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
"ბელგოროდის რეგიონში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს შემოვიღეთ კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს. დაწყებული პირებთან მათი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებიდან და დამთავრებული სახიფათო მრეწველობისა და ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით, რომლებიც იყენებენ ფეთქებად, რადიოაქტიურ, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე." - წერს გუბერნატორი.
დღეს დილით, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყეს და რამდენიმე სოფელიც დაიკავეს.
"რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რუსეთის დასახლებების საგზაო ნიშნების ფონზე - ლიუბიმოვკა (ბრიანსკის ოლქი), ბეზლიუდოვკა (ბელგოროდის რეგიონი), ჩუროვიჩი (ბრიანსკის ოლქი).
იმავდროულად, "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც რუსებს მოუწოდებს იბრძოლონ პუტინისგან თავისუფალი რუსეთისთვის.