ბელგოროდის გუბერნატორი: საზღვრის პირას მცხოვრებთა უმეტესობამ სოფლები დატოვა
რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა უმრავლესობამ დასახლებული პუნქტები დატოვა.
ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო РИА Новости წერს.
"ახლა ვასრულებთ საზღვრისპირა სოფლების და თავად გრეივორონის კარდაკარ შემოვლებას. მოსახლეობის უმეტესობამ ტერიტორია დატოვა. ვისაც საშუალება არ აქვს, ვეხმარებით ტრანსპორტირებაში, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ისინი საკუთარი ტრანსპორტით მიდიან." - თქვა მან.
კონტექსტი
22 მაისს, დილით, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყეს და რამდენიმე სოფელიც დაიკავეს.
"რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რუსეთის დასახლებების საგზაო ნიშნების ფონზე - ლიუბიმოვკა (ბრიანსკის ოლქი), ბეზლიუდოვკა (ბელგოროდის რეგიონი), ჩუროვიჩი (ბრიანსკის ოლქი).
იმავდროულად, "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც რუსებს მოუწოდებს იბრძოლონ პუტინისგან თავისუფალი რუსეთისთვის.
22 მაისს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ბელგოროდის რეგიონის საწყობიდან ბირთვული იარაღის გატანა დაიწყეს.