ბელორუსის ხელისუფლებამ პროტასევიჩი შეიწყალა
ბელორუსის ხელისუფლებამ NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი შეიწყალა. БЕЛТА-ს ცნობით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განაცხადა.
"მე ახლახან მოვაწერე ხელი ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომ შეწყალებული ვარ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი ამბავია", - თქვა პროტასევიჩმა.
3 მაისს მინსკის რაიონულმა სასამართლომ პროტასევიჩს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებში, ტერორისტულ აქტებში, პრეზიდენტის შეურაცხყოფაში და ბელორუსის შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
ამავე საქმეზე სასამართლომ NEXTA-ს დამფუძნებელს სტეპან პუტილოს დაუსწრებლად მიუსაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ყოფილ რედაქტორს იან რუდიკს - 19 წლით.
ბელორუსის უშიშროების ძალებმა პროტასევიჩი 2021 წლის 23 მაისს დააკავეს, როდესაც ის ათენიდან ვილნიუსში Ryanair-ის თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც ავარიულად მინსკში დაეშვა.
თვითმფრინავის "ესკორტისთვის" ლუკაშენკას ბრძანებით ბელორუსის საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ პროტასევიჩი დააკავეს.
თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში ექვს საათზე მეტ ხანს იდგა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ბორტზე 171 მგზავრი იმყოფებოდა 18 ქვეყნიდან.
24 მაისის საღამოს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პროტასევიჩი ამბობს, რომ იმყოფება მინსკის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში, თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებით ჩვენებებს იძლევა "მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობის ფაქტზე." ჟურნალისტის სახეზე ცემის კვალი ჩანდა.