ბელორუსში პოლიტპატიმარი ნიკოლაი კლიმოვიჩი გარდაიცვალა

7 მაისს, ბელორუსის კოლონიაში პოლიტპატიმარი ნიკოლაი კლიმოვიჩი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია უფლებადამცველმა ცენტრმა Вясна-მ გაავრცელა.

61 წლის კლიმოვიჩს გულის დაავადება ჰქონდა.

უფლებადამცველების თქმით, ბლოგერსა და საზოგადო მოღვაწეს 28 თებერვალს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი დაპატიმრების მიზეზი სოციალურ ქსელში ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს კარიკატურის გამოქვეყნება იყო. 

კლიმოვიჩის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მოსამართლემ მაინც ასეთი განაჩენი გამოიტანა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს და ცოტა ხნის წინ სასჯელის მოსახდილად ვიტებსკის მე-3 კოლონიაში გადაიყვანეს.

10 თებერვალს, მოსამართლე ანდრეი ბიჩილომ ნიკოლაი კლიმოვიჩი დამნაშავედ ცნო ნაცისტური სიმბოლოების გავრცელებაში და 111 ბელორუსული რუბლით დააჯარიმა.

მარტში, Вясна-მ და ბელორუსის სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კლიმოვიჩი პოლიტიკური მიზეზებით მსჯავრდებულთა შორის დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები